skip to content
ახალი ამბები

რუსული სამხედრო ობიექტები ქართულ მხარეს გადმოეცა

რუსულმა მხარემ ქართულს ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ის სამხედრო ობიექტები გადმოსცა, რასაც 30 მაისს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება ითვალისწინებს.


შეთანხმების მიხედვით, რუსულ მხარეს 1 სექტემბრამდე უნდა გადმოეცა ის სამხედრო ობიექტები, რომლებიც არ გამოიყენება ამიერკავკასიაში რუსული ჯარების მიერ, მათ შორის ობიექტი “ზვეზდა“, აგრეთვე კოჯორის კავშირგაბმულობის რეტრანსლატორი და პოლიგონი “გონიო“.


თავდაცვის სამინისტროს ქონებისა და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ვახტანგ მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა სამხედრო ობიექტი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ქართულ მხარის მფლობელობაშია.


ვახტანგ მელაძის თქმით, ამჟამად ბათუმში იმყოფება ქართულ-რუსული სპეციალისტთა ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე აღწერს გონიოს პოლიგონზე არსებულ ქონებას, “თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი გაფორმდება მიღება-ჩაბარების ოქმიც. ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდება“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ვახტანგ მელაძემ.


რუსულმა მხარემ ივნისში ქართულ მხარეს უკვე გადასცა 142-ე ჯავშანსატანკო სარემონტო ქარხანა.


მხარეებმა ასევე შეასრულეს შეთანხმების ის ნაწილიც, რომელიც 1 სექტემბრამდე ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებიდან 40 ერთეული ჯავშანტექნიკის 1 სექტემბრამდე გაყვანას ითვალისწინებდა. მთლიანობაში რუსეთის კუთვნილმა ბაზებმა საქართველო 2008 წლის განმავლობაში უნდა დატოვონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button