skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა და იუშჩენკომ პოლონეთში მოლაპარაკებები გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ ვიქტორ იუშჩენკომ 31 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ გდანსკში მოლაპარაკებები გამართეს. ორივე პრეზიდენტმა პოლონეთის დემოკრატიული მოძრაობა “სოლიდარობის“ 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. 


უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ბალტიისპირეთის-შავი ზღვის-კასპიის რეგიონის დემოკრატიული ერების რეგიონალური კონფერენციის ჩატარების გეგმები ევროკავშირის, რუსეთისა და აშშ-ს მონაწილეობით.


ინიციატივა დემოკრატიული ერების რეგიონალური ალიანსის შექმნის თაობაზე ერთობლივ დეკლარაციაში აისახა, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა 12 აგვისტოს ბორჯომში მოაწერეს ხელი.


31 აგვისტოს პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გდანსკში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც “სოლიდარობის” იუბილეს მიეძღვნა. “სოლიდარობა საუკეთესო რამ იყო, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა”, განაცხადა სააკაშვილმა კონფერენციაზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button