ახალი ამბები

საქართველო დსთ-ში ინტეგრაციაზე უარს აცხადებს






პუტინი და სააკაშვილი ყაზანის დსთ–ს სამიტზე,
26 აგვისტო, 2005.
ფოტო: კომერსანტი.
საქართველოს ხელმძღვანელობამ ყაზანში 26 აგვისტოს გამართული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ლიდერთა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისი არ გამოვა დსთ-დან და კვლავ გამოიყენებს მას რუსეთისა და თანამეგობრობის სხვა წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან “კონსულტაციებისა და დიალოგისთვის“. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამიტის მეორე დღეს თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან 45-წუთიანი არაფორმალური შეხვედრა გამართა.


სამიტის დღის წესრიგის მთავარ თემას წარმოადგენდა დსთ-ს სტრუქტურების რეფორმირება თანამშრომლობის უფრო ეფექტურ მექანიზმად. “ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს და დიალოგის დროს ვცდილობთ ვიპოვოთ ურთიერთმისაღები წინადადებები, რათა დსთ თანამშრომლობის ეფექტურ სფეროდ ვაქციოთ“, განაცხადა პუტინმა სამიტის შემდეგ.  


პრეზიდენტი პუტინი ერთადერთი ლიდერი იყო, რომელმაც სამიტის შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა ჟურნალისტების კითხვებზე უარი განაცხადა. დამკვირვებელთა თქმით, დსთ-ს ზოგიერთი ლიდერი შეეცადა თავიდან აეცილებინა იმ გამოცდილების გამეორება, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი რუსი კოლეგა ასტანაში გასული წლის სექტემბერში დსთ-ის ლიდერთა სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის თემაზე შეკამათდნენ.


სამიტიდან ერთი დღის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყაზანში პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო საქართველოს პოლიტიკა დსთ-ს ფარგლებში და თბილისის ურთიერთობები რუსეთთან.


სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არ მიაჩნია, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შესაძლებლობები “ამოიწურა“. მან აქვე დასძინა, რომ საქართველოს გამოსვლა დსთ-დან დღის წესრიგში არ დგას.


“თუმცა, დსთ-ს პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა. შესაძლებელია დსთ-ს გარდაქმნა უფრო გავლენიან ორგანოდ. თუმცა რაც არის – საჭიროა იმის გამოყენება“, განაცხადა სააკაშვილმა.


მან დსთ-ს სამიტს წევრი ქვეყნების ლიდერებთან “შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის სასარგებლო ფორმატი“ უწოდა.


ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სააკაშვილს  ახლდა ყაზანში, ნათელი გახადა, რომ საქართველოს ურჩევნია დსთ იყოს თანამშრომლობის, ვიდრე ინტეგრაციის მექანიზმი.


სააკაშვილმა ასევე უარყო ვარაუდები, რომ საქართველოს და უკრაინას შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავება დსთ-ს ალტერნატივის შექმნის წინაპირობაა.  “ეს არ შეცვლის დსთ-ს. საქართველოს გამოსვლა დსთ-დან დღის წესრიგში არ დგას“, დასძინა მან.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბორჯომის დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს და უკრაინის ლიდერებმა 12 აგვისტოს მოაწერეს ხელი, საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებაა “დემოკრატიული არჩევანისადმი“.


“მტკიცება იმისა, რომ თითქოს რუსეთს “სანიტარული კორდონი“ უნდა შემოარტყან – არც თუ ძალიან ჭკვიანი ხალხის ვარაუდებია. კიევთან დეკლარაცია არის მცდელობა შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოების საკონსულტაციო მექანიზმი. ჩვენ და უკრაინა დემოკრატიული რეფორმების გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეს–კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია თურქმენეთის დსთ–ს ასოცირებულ წევრობაზე. “ეს პირველი შემთხვევაა დსთ–ს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე“,  განაცხადა სააკაშვილმა.


რუსული გაზეთი  “კომერსანტი” თურქმენეთის გადაწყვეტილებას “დსთ-ს კოლაფსის დასაწყისად” აფასებს. გაზეთის ცნობით, კოლაფსის პროცესი დაიწყო არა რევოლუციონერ მიხეილ სააკაშვილის და ვიქტორ იუშჩენკოს მხრიდან, არამედ თურქმენეთის ლიდერის საფარმურატ ნიაზოვის მიერ. 


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში წინსვლა მას შემდეგ შეიმჩნევა, რაც რუსეთმა საქართველოდან თავისი ორი სამხედრო ბაზის გაყვანა დაიწყო. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ ურთიერთობებში მოუგვარებელი პრობლემები კვლავ რჩება.


“ბოლო თვეები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში აღინიშნა ცივილიზებული გარღვევით  – საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების არსებობის საკითხის მოგვარებაში“, განაცხადა სააკაშვილმა.


“მე კმაყოფილი ვარ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობით ბაზების გაყვანის საკითზე. ეს იყო პოლიტიკოსის გამბედავი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და საკითხების მოგვარება … თუმცა, ჯერ კიდევ რჩება სხვა საკითხებიც. მე ყოველთვის მოხარული ვარ დიალოგი გავმართო ვლადიმერ პუტინთან“, განაცხადა სააკაშვილმა. 


მისი თქმით, მოუგვარებელ პრობლემებს შორის არის სახელმწიფო საზღვრების საკითხიც. “რუსეთი უზარმაზარი სახელმწიფოა უზარმაზარი ტერიტორიით, ჩვენ კი პატარა სახელმწიფო ვართ და არ გვინდა, რომ კიდევ უფრო პატარა გავხდეთ“, განაცხადა სააკაშვილმა, თან დასძინა, რომ იგი ამ საკითხის განხილვას პუტინთან პირისპირ შეხვედრის დროს გეგმავს.


არაფორმალური შეხვედრა 27 აგვისტოს შედგა. შეხვედრამდე ორმა ლიდერმა მედიისთვის პატარა განცხადებები გააკეთა.


“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს ორმხრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ“, განაცხადა პუტინმა.


მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადაუხადა რუს კოლეგას მადლობა იმ “პოლიტიკური ვაჟკაცობისათვის“, რაც პუტინმა საქართველოდან ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხისადმი გამოიჩინა. “ორ ქვეყანას შორის ფუნდამენტური პრობლემები არ შექმნილა არც თქვენი და არც ჩემი მმართველობის დროს… მაგრამ თქვენ და მე შეგვიძლია მათი გადაწყვეტა“, განაცხადა სააკაშვილმა პუტინთან საუბრისას.

მსგავსი/Related

Back to top button