
ურთიერთსაპირისპირო ციფრები აფხაზეთის არმიის დაფინანსების წყაროებზე ეჭვებს ბადებს
19 აგვისტოს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონის ნაგვალაუს საწვრთნელ ბაზაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საჩვენებითი ეტაპი გაიმართება. ეს აფხაზეთში 2005 წელს ჩატარებული უკვე მეორე ფართომასშტაბიანი წვრთნებია.
სამხედრო წვრთნები, რომელშიც 6,000 ჯარისკაცი, მათ შორის რეზერვისტებიც, მონაწილეობენ, 15 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის სულთან სოსნალიევის განცხადებით, წვრთნებში ჯავშანტექნიკა, არტილერია, საზღვაო და საჰაერო ძალები იღებენ მონაწილეობას. წვრთნების მთავარი ამოცანაა მტრის საზღვაო დესანტის გადმოსხმის ოპერაციის მოგერიება – ეს ის სცენარია, რომელსაც აფხაზური მხარის აზრით, თბილისი საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში გამოიყენებს.
ქართულმა მხარემ უკვე გამოხატა პროტესტი წვრთნებთან დაკავშირებით. თბილისის განცხადებით, წვრთნების საბოლოო ეტაპი შეზღუდული შეიარაღების ზონაში იგეგმება. მიუხედავად იმისა, რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბის მეთაურმა ალექსანდრე კაზანცევმა აღიარა, რომ წვრთნების ადგილი – ნაგვალოუს საწვრთნელი ბაზა ნამდვილადაა განთავსებული შეზღუდული შეიარაღების ზონაში, რუსმა სამშვიდობოებმა თვალი დახუჭეს ამაზე იმ მოტივით, რომ ქართული მხარეც მართავს ხოლმე წვრთნებს შეზღუდული შეიარაღების ზონაში.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ამგვარი წვრთნების ჩატარება მხოლოდ რუსეთის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომელიც, ქართული მხარის განცხადებით, სოხუმის ხელისუფლებას იარაღითა და სამხედრო ინსტრუქტორებით ამარაგებს.
მოსკოვში 17 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უარყო თბილისის პრეტენზიები, თითქოს აფხაზეთს რუსეთი ამარაგებს იარაღით, თუმცა აღნიშნა, რომ სოხუმი მზად არის მიიღოს რუსი სამხედრო ინსტრუქტორები, საზღვაო და სასაზღვრო ოფიცრები თავის შეიარაღებულ ძალებში. მან ასევე ისაუბრა აფხაზეთის თავდაცვის პოლიტიკის და ამ სფეროს ხარჯების ზოგიერთი დეტალის შესახებ.
ბაღაფშის თქმით, “ჩვენი სამხედრო დოქტრინა თავდაცვითია. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს თავს დავესხათ, თუმცა არ დავუშვებთ, რომ ვინმე თავს დაგვესხას. არმია შედარებით პატარაა, რეზერვისტების გარეშე მისი შემადგენლობა 10-12 ათას კაცს აღწევს, ხოლო სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი ბიუჯეტის 20-22% შეადგენს“.
სამხედრო მიმომხილველი და გაზეთ “კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ “ეს ციფრები ძალიან გადაჭარბებულია“.
თუ ამ ციფრებს სხვა მონაცემებთან შევადარებთ მართლაც საეჭვო ხდება აფხაზი ოფიციალური პირების განცხადებები. მართალია აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობის რაოდენობა უცნობია, მაგრამ აფხაზეთის მთავრობის მიერ 2004 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაკეთებული შეფასებით, აფხაზეთში 120 ათასი ამომრჩეველია. ეს ნიშნავს, რომ ქმედითი სამხედრო ძალის რაოდენობა (რეზერვისტების გამოკლებით) ამომრჩეველთა 10% წარმოადგენს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა 2005 წლის ივნისში “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ 2004 წელს საბიუჯეტო შემოსავლებმა 377 მილიონი რუსული რუბლი – დაახლოებით 13 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ანქვაბის თქმით, ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება 2005 წელს. ამრიგად, ბაღაფშის განცხადების თანახმად, მაქსიმალური სამხედრო ბიუჯეტი დაახლოებით 2,9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ეს ციფრები გარკვეულ ეჭვებს ბადებს აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის სულთან სოსნალიევის განცხადების სიზუსტეზე, რომელმაც გაზეთ “კომერსანტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო რუსეთიდან იარაღის და საბრძოლო მასალების შემოტანის ფაქტი და განაცხადა, რომ მათი შესყიდვა “თავისუფალ ბაზარზე“ ხდება. “კომერსანტის“ კითხვაზე, თუ როგორ შეისყიდა აფხაზეთის არმიამ სამხედრო რეაქტიული თვითმფრინავები, სოსნალიევმა აღნიშნა “ბაზარი თავისუფალია! საჭიროა, მხოლოდ ფული გქონდეს. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი იარაღი ვიყიდოთ, რაც მოგვინდება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“.
სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ის წვრთნები, რომელიც ამჟამად აფხაზეთში მიმდინარეობს “არც ისე ძვირი ღირს”. “წვრთნები ძირითადად ოჩამჩირის რაიონში ტარდება, ისინი დიდ ფართობს არ მოიცავს და მხოლოდ ხუთი დღე გრძელდება. ამგვარად, არ მგონია, რომ აფხაზეთს მათი ჩატარება ძალიან ძვირი დაუჯდეს. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ წელს უკვე მეორედ ტარდება სამხედრო წვრთნები. აპრილში აფხაზეთში ასევე ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები“, განუცხადა ირაკლი ალადაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
მისი თქმით, აფხაზეთი, თავისი უკიდურესად მწირი ბიუჯეტით, უცხოური დახმარების გარეშე ნამდვილად ვერ შეძლებდა ორი ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებას ოთხი თვის განმავლობაში.