ახალი ამბები

ფინანსურ პოლიციას საბაჟოზე არსებული მდგომარეობისთვის აკრიტიკებენ

სახალო დამცველი სოზარ სუბარი და საქართველოს ბიზნემსმენთა ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ისაკაძე ქვეყნის საზღვრების აღმოსავლეთით მდებარე საბაჟო სამსახურებში არსებულ იმპორტიორთა დაბეგვრის პრაქტიკას გმობენ და მას უკანონოს უწოდებენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მებაჟეები იმპორტირებულ საქონელს ბეგრავენ არა მათი ღირებულების, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არამედ მოცულობის მიხედვით.

“იმპორტირებულებს უხდებათ 1,000 ლარის გადახდა 1 კუბურ მეტრ იმპორტირებულ საქონელზე, რაც კანონის აბსოლიტური დარღვევაა“, განაცხადა 15 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე სოზარ სუბარმა.

ბრალდებას უარყოფს საბაჟო დეპარტამენტი. “ეს ბრალდება [მოცულობის მიხედვით საქონელზე თანხის გადახდა] სიმართლეს არ შეესაბამება, ეს არსებული კანონით არც არის გათვალისწინებული“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დეპარტამენტის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ჭაბაშვილიმა.


მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორი ვერ წარმოადგენს საქონლის ღირებულოების ზუსტ დოკუმენტს ან არის ყალბი, რაც “ხშირი შემთხვევაა, რადგან დოკუმენტში უფრო ნაკლები ღირებულებაა დაფიქსირებული“, საბაჟოს თანამშრომელბის მიერ ხდება დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევა, რომელიც ადგილზე ადგენს საქონლის საბაზრო ღირებულებას და “თანხის გადახდაც ამის მიხედვით ხდება“.


“ის, რომ ეს არის მოჭრილი 1000 ლარი მართალი არ არის, შესაძლოა საქონლის საბაზრო ღირებულება არა 1000, არამედ უფრო მეტიც იყოს“, განაცხადა კახა ჭაბაშვილმა.


მოქმედი კანონის მიხედვით საბაჟო მოსაკრებელი ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ტვირთზე საერთო ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯების 34%-ია.


სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, პირად საუბრებში მებაჟეები აცხადებენ, რომ ისინი ფინანსური პოლიციის უფროსის დავით კეზერაშვილის სიტყვიერი ბრძანების შესაბამისად მოქმედებენ. “თუმცა ოფიციალურად არც ერთი მანგანი ამას არ ადასტურებს,“ დასძენს სუბარი.


“იმპორტიორთა განცხადებით, მებაჟეები და ის ექსპერტები, რომლებიც აფასებენ შემოტანილი ტვირთის ღირებულებას, ფინასური პოლიციის მოხელეების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან,“ აცხადებს სახალხო დამცველი.


ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელი დავით ნარმანია, რომელიც საბაჟო საკითხებს კურირებს, აცხადებს, რომ საბაჟოზე არსებულ დარღვევებზე მასაც სმენია და დასძენს, რომ ესეთი პრაქტიკა უკანონოა, რადგან ამ წესით დაბეგვრის შესახებ არანაირი ნორმატიული დოკუმენტი არ არსებობს.


მისი თქმით, გაუგებარია რას ემსახურება ასეთი პრაქტიკა. იგი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ხელისუფლება ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას ცდილობდეს.


“ასეთ მეთოდს შესაძლოა მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდეს. მაგრამ გრძელვანიდან პერიოდში ეს იმპორტიორების შემოსვლის და ტვირთების შემოტანის პროცესისი შეჩერებას გამოიწვევს და უფრო დიდ ზარალთან გვექნება საქმე”, განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ ის რაც დღეს საბაჟოზე ხდება უფრო “საბაჟო და ფინანსური პოლიციის არაორგანიზებული “მუშაობის“ შედეგი“ შეიძლება იყოს.  მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით პრობლემები არ არსებობს.
 
15 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა მდივნმა გიორგი ისაკაძემ ასევე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ არსებული ვითარება საბაჭოებზე გრძელვადიან პერიოდში ხელს უშლის ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს განვითარებას.   


ფინანსური პოლიცია ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შარშან შეიქმნა. მას შემდეგ ეს ორგანო და მისი ხელმძღვანელი არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. ზოგიერთი ოპონენტი იმასაც იძახის, რომ ფინანსური პოლიცია ზოგიერთ შემთხვევაში “სახელმწიფო რეკეტის“ ინსტრუმენტად იქცა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ სწორედ ამ ორგანოს მიერ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად მოხერხდა ბიუჯეტში ათობით მილიონი ლარის შეტანა. 

Back to top button