
ცხინვალთან მიმართებაში თბილისი სამ წლიანი გეგმით იმოქმედებს
თბილისის მიერ სექტემბერში მოსალოდნელი აგრესიის შესახებ, ცხინვალისა და ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული ბრალდებების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება 15 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ლიდერ ედუარდ კოკოითისა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს.
კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ 5 აგვისტოს „სივილ ჯორჯიასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ასეთი ბრალდებები შესაძლოა კონფლიქტის ზონაში მოსალოდნელი პროვოკაციების ნიშანი იყოს.
„ვითარების დაძაბვას რუსები ამზადებენ და ძალიან უნდათ ასეთი განწყობილება შეიქმნას საქართველოს ირგვლივ და არ არის გამორიცხურლი, რომ რაიმე სახის პროვოკაციაც იყოს განხორციელებული, რათა მათი „პროგნოზები“ გამართლდეს. ვერ მოესწრებიან. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ამას არ დაუშვებთ“ განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ გიორგი ხაინდრავამ.
გიორგი ხაინდრავას თქმით საქართველოს ხელისუფლებას მომზადებული აქვს სამ წელზე გათვლილი სამოქმედო პროგრამა, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სამოქმედო რუკა“ (roadmap) . დოკუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის, ასახულია ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც თბილისი აპირებს რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.
სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებია კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელბა, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, ასევე კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისეკენ მიმართული ღონისძიებები.
„მოკლედ ეს არის დიდი რუკა შესაძლებლობების, რომელიც გათვლილია დროში და გადანაწილებულია ყველა იმ უწყებებზე ვისაც უშუალოდ ეხება,“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ და დასძინა, რომ მაგალითად, ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა სამხრეთ ოსეთის რეგიონში ერთობლივი ეკნონომიკური პროექტების განსახორციელბლად, რაც მიზნად ისახავს ადგილობრივი ოსი და ქართველი მოსახლეობის დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებაში.
დოკუმენტის ეკონომიკური მხარე ასევე მოიცავს ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეკონომიკური დერეფნის შექმნას. „ამის შესაძლებლობა საქართველოში არსებობს. ჩვენ თუ ტრანსკავკასიურ მაგისტრალს ავამუშავებთ ეს იქნება ნაწილი იმ გეგმის, რომელიც რუსეთის ინტერესებში შედის, რადგან ეს არის უმოკლესი გზა შავი ზღვის ბასეინამდე და მერე მთელი ევროპისკენ, ასევე აზერბაიჯანიდან ირანისკენ და ა. შ“აცხადებს გიორგი ხაინდრავა.
მისი თქმით, სამოქმედო პროგარაში ასევე ცალკე პუნქტად არის რესტიტუციის შესახებ კანონპროექტის რამდენიმე ვარიანტი. ამ კანონის მიღებას საქართველოს 1999 წელს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება აკისრებს. ხაინდრავას თქმით, რესტიტუციის კანონპრიექტის უკვე კანონად მიღება პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე მოხდება.
„ჩვენ მზად ვართ ავუნაზრაუროთ მოსახლეობას ის ზარალი, რაც ომის პერიოდში იქნა მიყენებული. ეს საკამაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ საქმეში ჩვენ მარტო არ ვართ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა გვეხმარება“ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ უკვე დაანგარიშებულია ზარალი.
გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აღიაროს ის დანაშაულებრივი ქმდებები, რაც 90-იან წლებში ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს იქნა ჩადენილი, მაგრამ მისი თქმით ეს ცალმხრივი აღიარება არ უნდა იყოს.
„ხალხმა უნდა იცოდეს რა დანაშაული იყო მათ წინააღმდეგ ჩადენილი. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს აღიარების და არ უნდა გაურბოდეთ პასუხისმგებლობას… მაგრამ ეს მარტო ჩვენი დანაშაული არ იყო,“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.