ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთზე მეტი საერთაშორისო ყურადღების მოპყრობას ცდილობს

გასული კვირის მანძილზე აფხაზეთის კონფლიქტი ორჯერ დადგა გაეროს უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას  უფრო მეტი საერთაშორისო ყურადღება სურს და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს ადგილზე სიტუაციის გასაცნობად თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ეპატიჟება.


27 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ირაკლი ალასანიამ, რომელიც ასევე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარეა, სიტყვით მიმართა უშიშროების საბჭოს და კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება გააცნო. ალასანიამ ისაუბრა თბილისის ახალ წინადადებებზე, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საწინააღმდეგო ერთობლივი, ქართულ–აფხაზური განცხადების მიღებას და აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებას ეხება.


29 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ 6 თვით გაუგრძელა მანდატი გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში, რომელიც თავისი არსებობის 12 წელს ითვლის. მიღებულ რეზოლუციაში უშიშროების საბჭო აღნიშნავს, რომ აფხაზეთის სეპარატისტული კონფლიქტის მოგვარების უმთავრეს საკითხებზე პროგრესის ნაკლებობა მიუღებელია და მოუწოდებს ორივე მხარეს მონაწილეობა მიიღონ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში და ყველაფერი გააკეთონ არსებული ურთიერთუნდობლობის აღმოსაფხვრელად. 


ათწლეულზე მეტია, რაც აფხაზეთის შესახებ რეზოლუციების მიღება და გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გაგრძელება გაეროს უშიშროების საბჭოსთვის ყოველ ექვს თვეში რუტინულ პროცედურად იქცა.


“წლიდან წლამდე ეს რეზოლუციები მეორდება, მცირედი გაუმჯობესებით, მაგრამ რა? მართალია ლეგალური პრობლემა გადაწყვეტილია: მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რეალური პროგრესი ვერ ხერხდება“, განუცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ 28 ივლისს “სივილ ჯორჯიას“.


საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე დააყენა წინადადებები, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ეკონომიკური თანამშრომლობისა და შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საწინააღმდეგო ერთობლივი განცხადების მიღების გზით ითვალისწინებს.


“ეს ქართული მხარის მიერ შემუშავებული ერთობლივი განცხადების  პროექტია, სადაც ჩვენ შევეცადეთ მხედველობაში მიგვეღო ორივე მხარის ინტერესები – მე ვგულისხმობ აფხაზური მხარის მოთხოვნას საქართველოს მიერ შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საწინააღმდეგო ვალდებულების აღებაზე. მეორეს მხრივ, დოკუმენტში შემოთავაზებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების კომპრომისული ვარიანტი“, განაცხადა ალასანიამ “რუსთავი 2“–ის ეთერში, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითვალისწინებს “კომპრომისული ვარიანტი“.


რევაზ ადამიას განცხადებით, ქართულმა მხარემ ასევე უკმაყოფილება გამოთქვა კონფლიქტში რუსეთის  ჩარევასთან დაკავშირებით, მათ შორის თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკვანძო თანამდებობეზე რუსეთის მოქალაქეების “პირდაპირ მოსკოვიდან“ დანიშვნის გამო.


“ბატომა ირაკლიმ [ალასანია] რუსულ მხარეს გადასცა ნუსხა იმ ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ რუსეთის უშიშროებისა თუ სამხედრო სისტემებში და მერე პირდაპირ გადმოყვანილ იქნენ სხვადასხვა თანამდებობებზე აფხაზეთში“, განუცხადა ადამიამ “სივილ ჯორჯიას“.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ ასევე დაგმო ადამიანის უფლებათა დარღვევების ის შემთხვევები, რომელთაც ქართველი მოსახლების წინააღმდეგ აქვს ადგილი აფხაზეთში, ძირითადად გალში, სადაც სკოლებში ქართულის სწავლა იკრძალება.


ადამიას განცხადებით, თბილისი ეწინააღმდეგება აფხაზური მხარის მოთხოვნას დაესწროს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებს, მაგრამ სამაგიეროდ სთავაზობს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს ეწვიონ თბილისსა და სოხუმს.


“ჯერ ერთი, უშიშროების საბჭოს წევრები უკეთესად ნახავენ, თუ რა მდგომარეობაა ადგილზე და რა პოზიციები აქვთ მხარეებს. მეორეს მხრივ, აფხაზური მხარისთვის უფრო ნათელი გახდება, თუ რა პერსპექტივა აქვს მათ მოთხოვნას სრული დამოუკიდებლობის თაობაზე“, აცხადებს რევაზ ადამია.


მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს იდეა ღია წინააღმდეგობას არ შეხვედრია. “მაგრამ რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ ამ ვიზიტისთვის სათანადო დრო უნდა შეირჩეს”, დასძენს ადამია.


გაეროში საქართველოს ელჩის განცხადებით, უშიშროების საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტი ყურადღების მოპყრობას აფხაზეთის კონფლიქტისადმი. “სამწუხაროდ არ ილევა გაეროში და უშიშროების საბჭოში ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ჩვენი კონფლიქტების უფრო აქტიურად და მაღალ დონეზე წარმოჩენას. ამჟამად აქ ყველა დაკავებულია გაეროს რეფორმირების საკითხით“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ რევაზ ადამიამ.

მსგავსი/Related

Back to top button