ახალი ამბები

თბილისი სეპარატისტთა თანამშრომლობას აკნინებს







ედუარდ კოკოითი სერგეი ბაღაფშის
ინაუგურაციაზე–თებერვალი, 2005.
ფოტო: კომერსანტი 
თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც მხარეთა განცხადებით, უახლოეს მომავალში თანამშრომლობის ყოვლისმომცველ შეთანხმებაში გადაიზრდება, თბილისმა “არასერიოზულად“ შეაფასა.


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი ერთმანეთს 26 ივლისს შავი ზღვის კურორტ გაგრაში შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობების ყველა, მათ შორის სამხედრო და  ეკონომიკურ სფეროში, თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამ შეხვედრის შედეგი ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერაა.


ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ორ არაღიარებულ რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველ შეთანხმებას ცხინვალში “უახლოეს მომავალში“ მოეწერება ხელი, იუწყება აფხაზური სააგენტო “აფსნიპრესი“.


“შეთანხმების ხელმოწერა ადასტურებს ერთობას და [თვითგამოცხადებული] აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მზადყოფნას ურთიერთდახმარების უზრუნველყოფის თაობაზე“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე ბაღაფშმაც და კოკოითმაც გააკრიტიკეს თბილისი მათ მიმართ წარმოებული, როგორც თავად აღნიშნავენ, “აგრესული პოლიტიკის“ გამო.


ედუარდ კოკოითის განცხადებით, რომელიც შვებულებას ოჯახთან ერთად აფხაზეთში ატარებს, სოხუმი და ცხინვალი კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებას უჭერენ მხარს. “თუმცა ქართული მხარის ფაშისტური იდეოლოგია უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, იუწყება “აფსნიპრესი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით. მისი თქმით, საქართველომ უნდა აღიაროს “ჩვენი რესპუბლიკების წინააღმდეგ აგრესიის“ გამოვლინება 90–იანი წლების დასაწყისში.


კოკოითმა კიდევ ერთხელ  თქვა უარი თბილისის, მისი შეფასებით, “აგრესიულ“ სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთისათვის ფართო ავტონომიის მინიჭებას ითვალისწინებს.


სეპარატისტმა ლიდერებმა ასევე მოუწოდეს თბილისს თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რომელიც თვითგამოცხადებული რეგიონების ბლოკადას ისახავს მიზნად. “საქართველო ცდილობს გამოიყენოს ბლოკადის ყველა ფორმა – პოლიტიკური, ეკონომიკური… ჩვენ ამ ქმედებებს კონტრპროდუქტიულად განვიხილავთ“, განაცხადა კოკოითმა.


“შეუძლებელია ერთდროულად მოლაპარაკებების წარმოება და ყაჩაღობასა და პირატობაში მონაწილეობა ზღვაზე. ჩვენ [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს] არ გვაქვს სამხედრო კავშირი…მაგრამ თუ [სიტუაცია] გაუარესდება, ეს შეიძლება გადაიზარდოს ამაში [სამხედრო ბლოკში]“, განაცხადა ბაღაფშმა.


აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა 22 ივლისს გაეროს ეგიდით თბილისში გამართულ ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე საზღვაო ინციდენტის გამო, რომელიც საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ სოხუმისკენ მიმავალი სამშენებლო მასალებით დატვირთული თურქული გემის დაკავებას უკავშირდებოდა.


ამავდროულად, ოფიციალურმა თბილისმა დააკნინა სეპარატისტი ლიდერების შეხვედრის მნიშვნელობა. ამ მოლაპარაკებების კომენტირება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ არც კი ისურვა. “სერიოზულად არ ვუყურებ ბაღაფშის და კოკოითის შეხვედრას და ამდენად არც კომენტარის გაკეთება მიმაჩნია საჭიროდ“, განაცხადა 27 ივლისს ხაინდრავამ.


“ისინი [ბაღაფში და კოკოითი] ‘სახელმწიფოობანას’ თამაშობენ. დაე, გაგრძელონ ეს თამაში“, დასძინა მან.


ხაინდრავას განცხადებით, გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ ფაქტებზე საუბარი, რომელიც გალის რაიონში სპონტანურად დაბრუნებული ქართველების მიმართ ხორციელდება. მისი თქმით, გაჩნდა იმის ნიშნებიც, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას იმ ქართველთა სახლების გაყიდვა სურს, რომლებმაც აფხაზეთი 90–იან წლებში კონფლიქტის შემდეგ დატოვეს.


“ეს მართლაც დამაფიქრებელია. თუმცა ჩვენგან ამაზე რეალური რეაგირება მაშინ იქნება, როცა ხელთ გვექნება [ქართველების სახლების გაყიდვის] დამადასტურებელი საბუთები და არა მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებები“, განაცხადა ხაინდრავამ და აქვე დასძინა, რომ აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია სულ უფრო მეტად იღებს “აპარტეიდის“ სახეს.


მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის საკითხებში ირაკლი ალასანია, რომელიც ამავდროულად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა, ამ ფაქტებს და ზოგადად აფხაზეთში შექმნილ ვითარებას გაეროს უშიშროების საბჭოს ნიუ–იორკში, 27 ივლისს გააცნობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალასანია გაეროს უშიშროების საბჭოს ასევე წარუდგენს ერთობლივი, ქართულ–აფხაზური განცხადების პროექტს, რომელიც მოიცავს შეიარაღებული დაპირისპირების განახლების საწინააღმდეგო გარანტიებს. დოკუმენტში ასევე საუბარია დევნილთა აფხაზეთში დაბრუნებაზეც. თუმცა ამ ერთობლივი განცხადების სხვა დეტალები უცნობია.


აფხაზური მხარე გამოდის წინადადებით, როგორც სოხუმში აცხადებენ, “აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების“ დადების თაობაზე. ეს ერთ–ერთია იმ რამოდენიმე წინადადებათაგან, რომელიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა.


ეს წინადადებები ასევე მოიცავს საქართველოსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობოებისთვის ამ ტერიტორიაზე დაკანონებას უზრუნველყოფს კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე.


სერგეი შამბა ასევე ითხოვს აფხაზურ მხარეს მიეცეს შესაძლებლობა მიმართოს უშიშროების საბჭოს და მიიტანოს სოხუმის პოზიცია, რათა რეგიონში შექმნილი “სიტუაციის უფრო მიუკერძოებელი სურათი შეიქმნას“, იტყობინება “აფსნიპრესი“.

Back to top button