
გაეროს ეგიდით დაგეგმილი ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები ჩაიშალა
აფხაზური მხარის უარი თბილისში 22 ივლისს გაეროს ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ქართული მხარის მიერ შეფასდა, როგორც ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების “პრაქტიკული“ ჩაშლა. ქართულ–აფხაზური დიალოგის ჟენევის ფორმატი მოიცავს მოლაპარაკებათა მთელ სერიებს გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ჯგუფის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ბოიკოტის მიზეზად თბილისის მიერ იმ ტვირთის (ძირითადად სამშენებლო მასალები) აფხაზური მხარისათვის არ გადაცემა დაასახელა, რომლის კონფისკაციაც საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ 3 ივლისს თურქული გემის საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე დაკავებასთან ერთად მოხდა.
“ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ტვირთს ოთხშაბათისთვის [21 ივლისს] გადმოგვცემდნენ, თუმცა ეს არ შესრულებულა. ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკებები მსგავსი ინციდენტების ფონზე წარვმართოთ“, განაცხადა სერგეი შამბამ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ სოხუმის არგუმენტაციას “აბსურდული“ უწოდა. მისი თქმით, ტვირთის გადაცემა ტექნიკურმა პრობლემებმა გააჭიანურა.
“ჩვენ შევთავაზეთ აფხაზებს ტვირთის სოხუმში გადაცემა, თუმცა მათ არ სურთ ტვირთი ქართული გემით ან ქართველი კაპიტნის მიერ იქნას მიტანილი“, განაცხადა 22 ივლისს ხაინდრავამ “რუსთავი 2“–ის ეთერით.
მისი თქმით, საზღვაო ინციდენტი მხოლოდ საბაბია და აფხაზური მხარის ბოიკოტის ნამდვილი მიზეზი არ არის. “ეს უარი მით უფრო საკვირველია, რომ ჩვენ მოლაპარაკებებზე ვგეგმავდით საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებზე მსჯელობას და აფხაზური მხარე, რომელთანაც ამ თემაზე მოლაპარაკებებს კულუარულად ვაწარმოებდით, დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ამის განხილვაში“, განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
“მაგრამ რეალური მიზეზი ისაა, რომ ისინი ჟენევის პროცესის ჩაშლას ცდილობენ“, აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე ძირითადად კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოებისა და დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების საკითხები განიხილება. ეს მოლაპარაკებები გაეროს პატრონაჟით მიმდინარეობს.
გიორგი ხაინდრავამ ასევე მიანიშნა, რომ საზღვაო ინციდენტს ხელი არ შეუშლია აფხაზური მხარისათვის მონაწილეობა მიეღო 19 ივლისს, სოხუმში აფხაზეთის გავლით სარკინიზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში. აფხაზეთის გავლით თბილისი–მოსკოვის რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებები სოჭის ფორმატში წარმოებს, რომელსაც რუსეთი არაფორმალურად უძღვება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საქართველოს [ყოფილი] პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2003 წლის მარტში, სოჭში შეთანხმდნენ აფხაზეთის გავლით რკინიგზის ერთობლივად აღდგენაზე დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების პროცესის პარალელურად. თუმცა, ბოლო დროს, რკინიგზის საკითხის გააქტიურებამ ჩრდილში მოაქცია დევნილთა დაბრუნების თემა.
იძულებით გადაადგილებულთა აფხაზეთში დაბრუნების თემა ერთნაირად მგძნობიარეა ორივე მხარისათვის. 14 ივლისს აფხაზური ოპოზიციის გავლენიანმა ჯგუფმა “გაერთიანებულმა სახალხო ფორუმმა“ გაავრცელა მკაცრი შინაარსის განცხადება, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა მტკიცე პოზიცია დაიკავოს დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ ასევე მოუწოდა დე ფაქტო მთავრობას არ გასცენ აფხაზური პასპორტები გალის რაიონის იმ [ქართველ] მაცხოვრებლებზე, რომლებიც უმეტესად ქართველებით დასახლებულ ამ რაიონში სპონტანურად დაბრუნდნენ.
საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 22 ივლისს გაავრცელა განცხადება, სადაც სინანული გამოთქვა აფხაზური მხარის თბილისში ჩამოუსვლელობასთან დაკავშირებით, რამაც მოლაპარაკებების გადადება გამოიწვია.
მშვიდობის შენარჩუნების შესახებ შეთანხმება
მოლაპარაკებების ჩაშლის მიუხედავად, ქართულმა მხარემ გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების (საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) ჯგუფის წარმომადგენლებს 22 ივლისს ერთობლივი, ქართულ–აფხაზური განცხადების პროექტი გადასცა, რომელიც შეიარაღებული დაპირისპირების განახლების წინააღმდეგ არის მიმართული.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ, რომელიც ამავდროულად ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია, 22 ივლისს განაცხადა, რომ დოკუმენტი ასევე ეხება დევნილთა აფხაზეთში უსაფრთხო დაბრუნების საკითხებსაც.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა სურს. ვითვალისწინებთ რა ასევე აფხაზი საზოგადოების შეშფოთებას, გადავწყვიტეთ წარმოვადგინოთ ეს ერთობლივი განცხადება“, განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
საქართველოს ხელისუფლებამ ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) თანახმად უკვე იკისრა ვალდებულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის შესახებ.
“საქართველოს მთავრობა მოწოდებულია ეს პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სათანადო საერთაშორისო სტანდარტების თანახმად“, ნათქვამია დუკუმენტში, რომელიც საქართველოს რეფორმების მიზნებს განსაზღვრავს.
კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფიაშიც ასახა, რომელიც პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა.