
ცხინვალის მიერ იგნორირებული კონფერენცია იხსნება აჭარაში
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, რომელიც ჩაქვში 10-11 ივლისს გაიმართება, მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ იმ განზრახვის დემონსტრირებას, რომ თითქმის 15-წლიანი ისტორიის მქონე კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. თუმცა, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც ამ შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს, შიშობს, რომ კონფერენცია ქართული მხარის მტრული ზრახვების გადაფარვას ისახავს მიზნად.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პარლამენტარები, მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც 10 ივლისს კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, 8 ივლისს აჭარაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ქართული მხარე განაგრძობს “აგრესიულ სამშვიდობო პროცესს“ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. “სხვა ალტერნატივა არ არსებობს … არ ვაპირებ კიდევ ასი წელი ველოდო კონფლიქტის მოგვარებას“, დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
კონფერენციის მთავარი თემა იქნება თბილისის წინადადება სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმის თაობაზე. ეს ოფიციალური წინადადება, რომელიც პირველად პრეზიდენტმა სააკაშვილმა იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო სხდომაზე გააჟღერა, ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთისთვის “ფართო ავტონომიური სტატუსის“ მინიჭებას საქართველოს ფარგლებში. სამშვიდობო წინადადების თანახმად, უფლებამოსილებათა გამიჯვნას სამხრეთ ოსეთსა და თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსტიტუციური კანონი უზრუნველყოფს.
“ჩვენ გავაჟღერებთ დეტალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს დეტალურ ნაბიჯებს და ღონისძიებებს კონფლიქტის მოგვარების მიზნით“, განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში “სივილ ჯორჯიას“ 9 ივლისს.
კონფერენციის მონაწილენი ასევე განიხილავენ ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს და კონფლიქტის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის სხვა ფორმებს. საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს იკისრა ვალდებულება ქონების რესტიტუციის შესახებ კანონის მიღების თაობაზე. თუმცა, თბილისმა ეს ვალდებულება ჯერ ვერ შეასრულა.
თბილისის სამშვიდობო წინადადების თანახმად, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო კანონი ძალაში შევა, მიღებული იქნება კანონი ქონების რესტიტუციის შესახებ იმ ხალხის მიმართ, რომელთაც ყველაზე მეტად იზარალეს 1990-92 წლების კონფლიქტის შედეგად. “თითოეული დაზარებული ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფულად კომპენსაციას“, ნათქვამია დოკუმენტში.
კონფერენციის ჩატარების ადგილს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – რომელიც გასული წლის მაისამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებოდა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს და ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის. საქართველოს მთავრობისთვის აჭარა დაუმორჩილებელ ადგილობრივ ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარების მაგალითია. დამკვირვებელთა ვარაუდით, კონფერენციის ჩატარების ადგილად აჭარის არჩევით, ქართულმა მხარემ უბიძგა ცხინვალს უარი ეთქვა შეხვედრაში მონაწილეობაზე.
სამხრეთ ოსეთის მხარემ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი იმ ფაქტით ახსნა, რომ მისი ორგანიზება მხოლოდ ქართულმა მხარემ ითავა. საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ცხინვალი, მოსკოვი და ჩრდილოეთ ოსეთი რომ ყოფილიყვნენ ჩართულები კონფერენციის მომზადების პროცესში, სამხრეთ ოსეთის მხარეს შესაძლოა მონაწილეობა მიეღო ამ ღონისძიებაში.
“აბსურდია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის განხილვა, როცა არ იქნებიან სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები“, დასძინა მან.
“ჩვენ ამ კონფერენციის თაობაზე მედიიდან გავიგეთ. ალბათ, ამ კონფერენციის ჩატარების იდეა საქართველოს პრეზიდენტის ე.წ. “სამშვიდობო ინიციატივის“ ნაწილია, რომელიც დასავლურ აუდიტორიაზე უფროა გათვლილი, ვიდრე ქართული მხარის ნამდვილ მისწრაფებებზე სამართლიანად მოაგვაროს [კონფლიქტი]“, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ივნისში.
ამავდროულად, სიტუაცია კონფლიქტის ზონაში კვლავ არასტაბილურია, განსაკუთრებით 29 მაისის შეტაკების, რასაც ოთხი ოსის და ერთი ქართველი პოლიციელის გარდაცვალება მოჰყვა და 6 ივნისს ოთხი ქართველის გაუჩინარების შემდეგ, რომელთა ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში გამავალი ცენტრალური გზა ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ გადაკეტა, ისინი ოთხი ქართველის გაუჩინარების ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.
მიუხედავად გასულ თვეს ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებისა, ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებს ჯერ არ დაუწყიათ ამ ინციდენტების გამოძიება. ეს ფაქტი უბიძგებს სამხრეთ ოსეთის მხარეს განაცხადოს, რომ თბილისი არ არის დაინტერესებული ინციდენტების, განსაკუთრებით 29 მაისს მომხდარი შეტაკების გამოძიებაში.
აჭარის კონფერენცია კონფლიქტის ზონაში ქართულ შენაერთებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი შეტაკების ერთი წლის თავზე ტარდება. შეტაკების შედეგად 16 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სამხრეთ ოსეთის მხარემ მსხვერპლის რაოდენობა, მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, არ დააკონკრეტა. მიმომხილველთა თქმით, გასული წლის აგვისტოში მომხდარმა შეტაკებამ დიდი დარტყმა მიაყენა სამშვიდობო და ნდობის აღდგენის პროცესს და ახლა საქართველოს მთავრობას სერიოზული მუშაობა მოუწევს, რათა ოსები თავის მშვიდობიან ზრახვებში დაარწმუნონ.