ახალი ამბები

ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე თბილისის თვითმმართველობის კანონი უპრობლემოდ გავიდა







დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ
ოპოზიციამ არასწორი აქცენტები გააკეთა, რითაც
ხელისუფლებამ ისარგებლა.
1 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა დედაქალაქის – თბილისის შესახებ კანონპროექტი, რომელიც თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს. კენჭისყრამ, რომელშიც ძირითადად მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა, ყოველგვარი დებატების გარეშე ჩაიარა, რადგანაც ოპოზიციონერი პარლამენტარები ამ დროს თბილისში ვერის ბაღში თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ პროტესტი გამოეხატათ, მათი თქმით, “ხელისუფლების ძალადობის“ წინააღმდეგ, რაც 30 ივნისის ღამეს რუსთაველის მოედანზე საპროტესტო აქციის დაშლას უკავშირდებოდა. 


ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ახალმა მემარჯვენეებმა“, “რესპუბლიკელებმა“, “კონსერვატორებმა“, “ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და ‘ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 ივლისს მხოლოდ რამოდენიმე ასეული ადამიანის შეკრება შეძლეს, რათა შინაგან საქმეთა მინიტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა მოეთხოვათ ორი დაკავებული ქართველი მოჭიდავის გათავისუფლების მოტივით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ “გადაჭარბებული ძალის გამოყენების“ გამო.


თუმცა, ხელისუფლებამ ოპოზიციის მცირე საპროტესტო აქცია და მათი მოთხოვნაც ყურადღების მიღმა დატოვა. კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მან ირონიულად განაცხადა: “კიდევ რა უნდათ [ოპოზიციურ პარტიებს]?“ 


ზოგიერთი პოლიტიკური დამკვირვებლის თქმით, “მოჭიდავეთა საეჭვო საქმეში“ ჩართვის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა დაკარგეს ის ის მუხტი, რაც მათ თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევის ახალ წესთან გამართული დებატებისას გაუჩნდათ.


“ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების ეს მწვავე რეაქცია იყო იმ სიბრაზის ამოხეთქვა, რაც მათ საკრებულოს და მერის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით დაუგროვდათ და რაც მთავარ პოლიტიკურ თემას და ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბულობის მთავარ წყაროს წარმოადგენდა“, განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა. 


“ოპოზიციამ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და გაიაზროს, ვის დაუდგეს გვერდზე და ვის ეკუთვნის დაცვა. პოლიტიკური პრინციპები არ უნდა გახდეს ძალიან მოკლევადიანი მიზნების მსხვერპლი“, განაცხადა “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გია ნოდიამ.


გია ნოდიამ, დავით დარჩიაშვილმა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, მათ შორის “სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე რონდელმა და “თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა 1 ივლისს ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს. მათ მხარი დაუჭირეს ხელისუფლების ქმედებებს საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ და განაცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე სამართალდმაცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლა სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სამართალდამცავთა მხრიდან 30 ივნისს დაშვებული ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ მათ ვერ შეძლეს ძალადობის აღკვეთა უზენაეს სასამართლოში.  სასამართლოს მიერ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტისა და ძიუდოისტისთვის, რომელთა მხარდაჭერის საბაბითაც მოხდა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია, სამთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის შემდეგ დაკავებულთა ახლობლების მხრიდან სასამართლო დარბაზის დარბევა მოხდა.


დავით დარჩიაშვილის თქმით, იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც შეეცადნენ გამოეყენებინათ 30 ივნისის მოვლენები, იყვნენ ის ჯგუფები, რომლებიც, მისი თქმით, “არ არიან დემოკრატიული ღირებულებების მატარებლები“. “თუ ამგვარი მოვლენები განმეორდება, ეს არ დაეხმარება დემოკრატიულ ოპოზიციას მოვიდეს ხელისუფლებაში, პირიქით, ეს ოდიოზურ პოლიტიკურ ძალებს ხელს შეუწყობს ძალაუფლების მოპოვებაში“, განაცხადა დარჩიაშვილმა. 


დამკვირვებელთა თქმით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა საზოგადოების ყურადღება საკრებულოს და მერის არჩევის წესის საკითხიდან “მოჭიდავეთა საქმეზე“ გადაიტანა.

დედაქალაქის–თბილისის შესახებ კანონის მიხედვით, თბილისის საკრებულოს 25 წევრი მაჟორიტარულ საწყისებზე, “მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპით ირჩევა, ხოლო 12 წევრს პროპორციული წესით აკომპლექტებენ 4%–იან ბარიერგადალახული პარტიები. 37–წევრიანი საკრებულო კი თავისი შემადგენლობიდან ხმების 2/3–ით ირჩევს თბილისის მერს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, 4 წლით.


ოპოზიციური პარტიები წარმატებულ კამპანიას ახორციელებდნენ ამ წინადადების წინააღმდეგ, რადგანაც ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, თბილისელების 80%–ზე მეტი მერის პირდაპირი წესით არჩევას უჭერს მხარს, რაც ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაც იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button