ახალი ამბები

საქართველო ლიცენზირებაში ბიუროკრატიას ამცირებს

საქართველოს პარლამენტმა 10 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნებართვებისა და ლიცენზიების რაოდენობის შემცირებას არსებული 909-დან 156-მდე. მთავრობა მიესალმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, როგორც მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც შეამცირებს ბიუროკრატიას და დაეხმარება  მეწარმეებს ახალი ბიზნების დაწყებაში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლიცენზირების სისტემის გამარტივების აუცილებლობაზე განცხადება პირველად აპრილში გააკეთა. მან ამ ინიციატივას “რევოლუციური” უწოდა და დასძინა, რომ “ბიუროკრატიზმის წინააღმდეგ კიდევ უფრო რევოლუციური ნაბიჯებია საჭირო”. პარლამენტი კანონპროექტს მეორე და მესამე, საბოლოო, მოსმენით, სავარაუდოდ, ამ კვირას მიიღებს.
 
ლიცენზიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ე.წ. “ერთი სარკმლის” პრინციპის დანერგვას, რაც იმას გულისხმობს, რომ ბიზნესმენს აღარ მოუწევს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში სიარული და საჭირო დოკუმენტების შეგროვება. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში საჭირო დოკუმენტების მოპოვების მთელი ტვირთი სახელმწიფოს დააწვება, ნაცვლად ბიზნესმენებისა.
 
კიდევ ერთი სიახლეა ე.წ. “დუმილი თანხმობის ნიშანია” პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურის მიერ კანონით დადგენილ ვადებში ლიცენზიის ან ნებართვის არგაცემა, მიზეზების განმარტების გარეშე, ჩაითვლება როგორც ლიცენზიის გაცემა.
 
ამ პრინციპს რამოდენიმე სახელმწიფო მოხელის წინააღმდეგობა შეხვდა.  სტანდარტიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიცენციების განყოფილების უფროსის ზაზა კოპლატაძის თქმით, ეს პრინციპი შესაძლოა ხელსაყრელი იყოს ბიზნესმენებისთვის, მაგრამ მომხმარებელთა წინააღმდეგ იქნება მიმართული. კოპლატაძის განცხადებით, საჭიროა განმცხადებელთა “სწორად შემოწმება”, რათა სათანადოდ დადგინდეს, საზიანოა თუ არა მათი ბიზნესი ან პროდუქცია მომხმარებლისთვის.
 
კანონპროექტის თანახმად, ლიცენზიები ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე აუქციონის გზით გაიცემა.
 
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობასა და ბიზნესმენებთან ერთად იკვლევდა ლიცენზირების სისტემას. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დაანგარიშებით, ოფიციალური პირების მიერ მოთხოვნილი საბუთების 83%-ს არანაირი ლოგიკური აზრი არ ჰქონდა და მხოლოდ ფულის გამოძალვის მიზნით გამოიყენებოდა.
 
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანი ქათამაძე აცხადებს, რომ ახალი კანონი გააუმჯობესებს სახელმწიფო კონტროლს ლიცენზირებაზე და ამავე დროს შეამცირებს ბიზნესის დაწყების ღირებულებას.
 
“ახალი კანონპროექტის წყალობით, სავალდებულო ლიცენზირება მხოლოდ იმ საქმიანობას ეხება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროებთან. ზედმეტი ბარიერები მოიხსნა და მომხმარებლის უსაფრთხოება დაცულია”, განუცხადა ანი ქათამაძემ “სივილ ჯორჯიას”.
 
მისი თქმით, კანონი ასევე განსაზღვრავს ლიცენზირების სფეროებს. მოქმედი კანონის თანახმად, ჯანმრთელობის რისკთან დაკავშირებულ ზოგიერთ სფეროებს, მაგალითად როგორიცაა კერძო სტომატოტოლოგიური კლინიკა, არ ეხებოდა ლიცენზირების კანონი, რადგანაც იგი არ მიიჩნეოდა “მეწარმეობად”. მეორე მხრივ, არსებობდა თითქმის 200 სავალდებულო ლიცენზია მხოლოდ საკვები პროდუქტების წარმოებასა და შემოტანაზე. ლიცენზიების ეს დიდი რაოდენობა იმას ნიშნავდა, რომ ბიზნესმენები ფულს იხდიდნენ, რათა გზა გაეკვალათ ბიუროკრატიულ აპარატში.

მსგავსი/Related

Back to top button