ახალი ამბები

ბაქო რეგიონის დემილიტარიზაციის საჭიროებაზე საუბრობს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა 7 ივნისს განაცხადა, რომ კანონიერების თვალსაზრისით საქართველოდან რუსეთის ბაზების ნაწილის სომხეთში გადატანა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ რეგიონს მილიტარიზაციის ნაცვლად, დემილიტარიზაცია ესაჭიროება.


“ბაზები გადააქვთ არა სომხეთში, არამედ სომხეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე… მაგრამ ჩვენს რეგიონს დემილიტარიზაცია უფრო ესაჭიროება, ვიდრე მილიტარიზაცია. ამიტომ ჩვენ [აზერბაიჯაული მხარე] ასე ვსვამთ საკითხს, ჯარებისა და ტანკების აქ ჩაყენება საჭირო არ არის“, იუწყება 7 ივნისს “რია ნოვოსტი“ ელმარ მამედიაროვის სიტყვებზე დაყრდობით.


მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის დასრულდება მოლაპარაკებები რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შეთანხმების თაობაზე, “ჩვენ გავაანალიზებთ ამ საკითხს და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“. 


ცოტა ხნის წინ ბაქომ რუსული ბაზების სომხეთში გადატანასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მოსკოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button