ახალი ამბები

“პროფესიული“ საარჩევნო კომისია ოპოზიციის ნდობას ვერ იმსახურებს

ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) შექმნა ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინვე აღიქვეს, როგორც სიგნალი მთავრობის მიერ არჩევნების მოსალოდნელი გაყალბების თაობაზე, მაშინ როცა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ახალი ცსკ არის მნიშვნელოვანი მექანიზმი ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.


3 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 6 წევრი აირჩია. ცსკ–ს თავმჯდომარედ გია ქავთარაძე 147 ხმით ერთხმად იქნა დამტკიცებული. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცსკ-ს წევრები უნდა იყვნენ უპარტიოები. ადრე ცსკ მხოლოდ პარტიული ნიშნით იყო დაკომპლექტებული. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პროფესიონალიზმზე და არა პარტიულობაზე დაფუძნებული საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის ინტერესებს უფრო დაიცავს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების.  


ოპოზიციური პარტიების წევრი დეპუტატები, რომელთაც კერჭისყრას ბოიკოტი გამოიცხადეს, აცხადებენ, რომ დამტკიცებული კანდიდატები მხოლოდ ერთი პარტიის  – “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლები იქნებიან, რადგან მათი ბიოგრაფიები დაკავშირებულია ან მმართველ პარტიასთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან.


გია ქავთარაძე, ცსკ-ს ახალი თავმჯდომარე,  საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნობიდან გადადგომის შემდეგ მუშაობდა საკონსულტაციო ფირმაში “დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“, რომლის დამფუძნებელი იყო მოქმედ პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან კახა დამენიასთან ერთად.


ცსკ–ს წევრები გახდნენ: ფაჟავა ემზარი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთში; ბურჯალიანი ლუხუმი  – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამეტის მთავარი სპეციალისტი; ჩაგალაშვილი გურამი – ცსკ–ს იურისტი, “მომავლის სახლის“ სოციოლოგი; არეშიძე გიორგი – თსუ პროფესორი; მჭედლიძე გიზო – დროებით უმუშევარი; ღონღაძე ალექსანდრე  – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.


ცსკ-ს ახალი წევრების შერჩევის პროცესი ასევე გახდა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საგანი.  მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 11 მაისს ღია კონკურსი გამოაცხადა, თავდაპირველად ცსკ-ს წევრობაზე განაცხადი 515–მა მსურველმა წარადგინა.


კანდიდატები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიგი უგულავას თავმჯდომარეობით სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს განსახილველად ცსკ–ას წევრობის 12-კაციანი კანდიდატთა სია წარუდგინა და ერთიც, ცსკ-ს თავმჯდომარის კანდიდატურა.


ოპოზიციის თქმით, შერჩევის პროცესი ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა “ერთპარტიული ცსკ-ს“ ჩამოყალიბება, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისია მთლიანად მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლს ექვემდებარება.


“ამგვარი ქმედებით, მთავრობამ პირდაპირ გვითხრა: ჩვენ ვაპირებთ არჩევნების გაყალბებას“, განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა “რესპუბლიკური პარტიიდან“.


“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა უარყვეს ეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს, რადგანაც უკვე დარწმუნებულნი არიან არჩევნებში თავიანთ დამარცხებაში .


“ჩვენ, მთავრობას და მმართველ პარტიას, კარგად გვესმის, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ჩავატარებთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ოპოზიციამ შესაძლოა თქვას, რომ წინა მთავრობაც აკეთებდა ანალოგიურ განცხადებებს. თუმცა, სხვაობა ისაა, რომ ახლა ჩვენ უკვე ვიცით, რა მოხდება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში“, განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 3 ივნისს.


ცსკ-ს წევრობის კანდიდატების განხილვა ის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევათაგანი იყო, როცა “ახალი მემარჯვენეების“, “კონსერვატორების“ და “რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატების მცირე ჯგუფმა, ასევე ერთმა დეპუტატმა “ლეიბორისტული პარტიიდან“ ერთიანობა გამოავლინეს და კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს დარბაზი.


ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2006 წლის შემოდგომაზე გაიმართება. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა 4 ივნისს განაცხადეს, რომ ისინი ბევრად უფრო ადრე ჩაუტარებენ გამოცდას ახალ ცსკ-ს.


ოპოზიციურმა პარტიებმა “რესპუბლიკელებმა“, “კონსერვატორებმა“ და მოძრაობამ “ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ 4 ივნისს გამართეს ერთობლივი პრეს–კონფერენცია, სადაც გაცხადდა, რომ ისინი ერთიანდებიან რეფერენდუმის გამართვის საკითხის გარშემო, რომლითაც მოსახლეობა გამოხატავს ნებას გამგებლებისა და მერების პირდაპირი გზით არჩევასთან დაკავშირებით.


ამჟამად, თბილისის და ფოთის მერებს პრეზიდენტი ნიშნავს. ცოტა ხნის წინ, ხელისუფლება მერების არაპირდაპირი, არჩეული საკრებულოების მიერ, არჩევის ინიციატივით გამოვიდა.


მომავალ კვირას, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ერთობლივი ძალისხმევით შეაგროვებს 200 ათასს ხელმოწერას, ისინი მიმართავენ ახლადარჩეულ ცსკ–ს რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით. დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების ეს მოთხოვნა იქნება “ახალი ცსკ-ს პირველი გამოცდა“.


თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებამდე დღის წესრიგში დგას საქართველოს პარლამენტის ცალკეულ მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნების საკითხი. 15 აპრილს ოპოზიციურმა “რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოსთხოვა ხელისუფლებას შუალედური არჩევნების დანიშვნა ქობულეთში, ბათუმში, შუახევში და ტყიბულში. “რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, რომ ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს არჩევნების დანიშვნას, რადგანაც ეშინია, რომ მმართველი პარტია წააგებს ამ არჩევნებს, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც “რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში.  

Back to top button