
საქართველო დსთ-ის რეფორმირების საკითხს აყენებს
![]() |
დსთ–ს სამიტი თბილისში, 3 ივნისი. |
თბილისში გამართული ერთდღიანი სამიტი, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, დსთ-ის ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ეკონომიკის სფეროებში და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ 34 დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მათგან მხოლოდ 9 დოკუმენტს მოაწერა ხელი.
ეს დოკუმენტები მონაწილეებმა დებატების გარეშე განიხილეს. გარკვეული კამათი გამოიწვია მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობაში შეზღუდვების მოხსნის შესახებ ოქმმა, რომელსაც შედეგად თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა უნდა მოჰყვეს.
ამ ოქმის თანახმად, ვაჭრობის სფეროში შეზღუდვები საბოლოოდ 2012 წლისათვის უნდა მოიხსნას. თუმცა, უკრაინა, რომელსაც საქართველომ და მოლდოვამაც დაუჭირეს მხარი, არ შეუერთდა ოქმს იმ მიზეზით, რომ სავაჭრო შეზღუდვების მოხსნის საბოლოო ვადად დასახელებული 2012 წელი “მხოლოდ აჭიანურებს პროცესს“.
“ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უფრო ადრე უნდა დასრულდეს და ამ მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა“, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მისი თქმით, უკრაინა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით და კიევი იმედოვნებს, რომ ამას გაცილებით მალე მიაღწევს მოსკოვთან, ვიდრე ამას დსთ-ის ოქმი ითვალისწინებს. შედეგად, უკრაინამ უარი განაცხადა დოკუმენტის ხელმოწერაზე.
საქართველოს დელეგაციამ აქტიურად დააყენა დსთ-ის რეფორმირების საკითხი. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა სამიტამდე ამ საკითხის თაობაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა და სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზეც კვლავ გაამახვილა ყურადღება ამ საჭიროებაზე.
“ჩვენ [ქართულმა მხარემ] 34 დოკუმენტიდან მხოლოდ 9 მოვაწერეთ ხელი. ეს იმის ნიშანია, რომ საჭიროა რეფორმირება“, განაცხადა ნოღაიდელმა.
“დსთ-ის წევრ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ორგანიზაციის ფარგლებში თავიანთი ეროვნული ინტერესები განახორციელონ. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენ ამ საკითხს არა მარტო დსთ-ში, არამედ სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებშიც დავაყენებთ“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ვასილი ტარლევმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარებაა საჭიროა. “უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო ინტენსიურად გვეთანამშრომლა“, განაცხადა მან.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ტიმოშენკომ განაცხადა, რომ დსთ-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს თანამშრომლობაზე “ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, რათა “ახალი იმპულსი მისცეს“ ორგანიზაციას.
დსთ-ის აღმასრულებელმა მდივანმა ვლადიმერ რუშაილომ აღნიშნა, რომ დსთ-ს დასამარების დრო ჯერ არ მოსულა. “ამჟამად, ჩვენ განვიხილავთ იმ გზებს, თუ როგორ შეიძლება მისი [დსთ-ის] ეფექტურობის გაზრდა“.
დსთ, რომელიც 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე შეიქმნა, ძირითადად რეგიონალური ფორუმის როლს ასრულებს და ვერ შეძლო 12 წევრ სახელმწიფოს შორის ინტეგრაციის ძლიერ მექანიზმად ჩამოყალიბება. თანამშრომლობა ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის, როგორიც სუამის ფარგლებში ან რუსეთსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობაა, უფრო ეფექტური გახდა.
უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, კერძოდ სუამის ფარგლებში, არ უნდა იქნას მიჩნეული დსთ-ის ალტერნატივად.
![]() |
ბელორუსის პრემიერ–მინისტრი სერგეი სიდორსკი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დსთ–ს სამიტზე, თბილისში. |
კითხვაზე აპირებს თუ არა სუამი ყირგიზეთის შესაძლო წევრობის საკითხი განიხილოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მიესალმება ახალ წევრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კი აღნიშნა, რომ “არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ყირგიზეთი სუამის წევრი გახდება“.
პრეს-კონფერენციაზე დასმული ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივებს, განსაკუთრებით საქართველოში და უკრაინაში მშვიდობიანი რევოლუციების შემდეგ და ბელარუსში არსებული სიტუაციის ფონზე. თბილისი ბელარუსის ხელისუფლებას ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებს.
ამის საპასუხოდ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა სერგეი სიდორსკიმ ბელარუსის მთავრობის მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კი აღნიშნა, რომ საქართველოში და უკრაინაში განვითარებული მოვლენები “ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას დსთ-ის ფარგლებში“.
დსთ-ის მთავრობების მეთაურებმა შანსით ისარგებლეს და ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ფრადკოვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის და სავიზო რეჟიმის საკითხები იქნება განხილული. საქართველომ უკვე გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთთან და იგივე ნაბიჯს რუსეთისგანაც ელის.
ფრადკოვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმი დსთ-ის ფარგლებში ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ “მოლაპარაკებების პროცესი მარტივი არ არის“.
მიხეილ ფრადკოვი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრას თავის უკრაინელ კოლეგასთან იულია ტიმოშენკოსთან.
დსთ-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურთა მომდევნო სამიტი აგვისტოში მოსკოვში გაიმართება.