
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონცეფციის პროექტი მზადაა
საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ეროვნულ უმცირესობათა დაცვისა და ინტეგრაციის პოლიტიკის კონცეფციის პროექტის განხილვა, რომელიც, დოკუმენტის თანახმად, მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა საქართველოს საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
კონცეფციის პროექტი ძირითადად ეფუძნება ეროვნულ უმცირესობათა საერთაშორისო კონვენციებს. საქართველომ უნდა მოახდინოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციის და რეგიონალურ ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება. საქართველომ ამ კონვენციების რატიფიკაციის შესახებ ვალდებულება 1999 წელს ევროპის საბჭოში შესვლისას აიღო.
დოკუმენტი იმ პრინციპებს ასახავს, რომელთა შესრულებასაც სახელმწიფო ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად იღებს ვალდებულებად. დოკუმენტი ასევე ასახავს შემდეგ საკითხებს: ენა, რელიგია, განათლება, მედია, ეროვნულ უმცირესობათა ჩართვა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მართლმსაჯულება და პენიტენციალური სისტემები. დოკუმენტში ასევე საუბარია ეროვნულ უმცირესობათა თვითმყოფადობის უფლებაზე, რომლის მიხედვითაც თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ამ უმცირესობის წარმომადგენლად ითვლებოდეს თუ არა.
კონცეფციის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები “ვალდებულნი არიან პატივი სცენ ქართველ და აფხაზ ერებს, მათ ისტორიას და ტრადიციებს, ასევე საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნულ უმცირესობებს“.
ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის პოლიტიკის პრინციპები
კონცეფციის პროექტის თანახმად, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას; რელიგიის თავისუფლებას; ნებაყოფლობით საფუძველზე ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობას; ეროვნულ უმცირესობათა უფლებების გარანტიებს; ტოლერანტობის გაძლიერებას; ქართული ენის და კულტურის წამყვანი როლს; საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით; ეროვნულ უმცირესობათა მიერ კანონის დაცვას; იმ ქმედებების აკრძალვას, რომლებიც ეთნიკურ და რელიგიულ სიძულვილს იწვევენ.
ენა
კონცეფციის პროექტის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ისარგებლოს თავისი უმცირესობის ენით სიტყვიერად თუ წერილობით, კერძოდ თუ საჯაროდ, თუმცა „ეროვნულ უმცირესობათა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქართული ენის კარგი ცოდნა“.
ეროვნულ უმცირესობას აქვს უფლება განალაგოს ფირნიშებზე წარწერები და კერძო ხასიათის სხვა ინფორმაცია ქართულ და თავის უმცირესობის ენაზე. აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე, ქართულ და უმცირესობის ენასთან ერთად, აფხაზური ენაც უნდა იქნას გამოყენებული. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზური ენაც სახელმწიფო ენას წარმოადგენს აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ეროვნული უმცირესობებით მჭიდრო დასახლებულ რაიონებში, დასახლებების და ქუჩების სახელწოდებების, ასევე სხვა ტოპოგრაფიული მაჩვენებლები შეიძლება დაიდგას ქართულ და ადგილობრივი ეროვნული უმცირესობის ენაზე.
განათლება
ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი სკოლების სასწავლო პროგრამებში ეროვნულ უმცირესობათა ენის შეტანას.
სასწავლო პროგრამების შინაარსი, რომლებიც უმცირესობებს ეხება უნდა შემუშავდეს მოცემული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირებს უფლება აქვთ დააფუძნონ კერძო სასწავლო დაწესებულებები. ამ საწავლებლებს აქვთ უფლება მოიძიონ და მიიღონ გრანტები სახელმწიფოსგანაც, თუმცა პირდაპირ ვალდებულებას სახელმწიფო მათ დაფინანსებაზე არ იღებს.
მასმედია
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს უფლება აქვთ შექმნან საკუთარი საინფორმაციო საშუალებები. სახელმწიფო უზრუნველყოფს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საინფორმაციო საშუალებების ეთერში ეროვნულ უმცირესობათა ენაზე პროგრამების შექმნასა და გაშვებას.
ეროვნულ უმცირესობათა ჩართვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში
ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, კონცეფციის პროექტში ნათქვამია, რომ ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში ქართული ენის პარალელურად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ეროვნული უმცირესობათა ენა.
მართლმსაჯულება და პენიტენციალური სისტემა
ეროვნულ უმცირესობას მიკუთვნებულ პირს, დაკავების ან სამართალში მიცემის შემთხვევაში, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს დაკავების მიზეზი, ბრალდების შინაარსი და განემარტოს ყველა თანმხლები პროცედურა. ეროვნულ უფლებათა წარმომადგენელს უფლება აქვს სასამართლო პროცესზე თავისი აზრი გამოთქვას მშობლიურ ენაზე.
დოკუმენტის თანახმად, შესაძლებლობების შესაბამისად, ეროვნულ უმცირესობას მიკუთვნებული პატიმრები ერთად უნდა განთავსდნენ, რათა ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ.
კონცეფციის პროექტი ასევე ასახავს იმ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია კონცეფციის დებულებების შესასრულებლად.
• ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები;
• ახალქალაქში რუსულ სამხედრო ბაზაზე მომუშავე პირთა შრომითი მოწყობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა;
• ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელის შექმნა;
• ქართული კულტურისა და საქართველოში მცხოვრები ხალხების კულტურათა მიღწევების პროპაგანდის ცენტრების შექმნის სახელმწიფო პროგრამა.