ახალი ამბები

სააკაშვილი ბაზების თაობაზე “ისტორიულ“ განცხადებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 30 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე ორშაბათს მოსკოვში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება “ისტორიული მოვლენაა“, რომელიც მოასწავებს “რუსული ჯარების საქართველოში 200-წლიანი არსებობის დასასრულს“.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების თანახმად, რუსული მხარე იღებს ვალდებულებას ბათუმიდან და ახალქალაქიდან თავისი სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი 2008 წლის განმავლობაში დაასრულოს.   


მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ერთობლივი განცხადება “პოლიტიკური შეთანხმებაა“, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება “იურიდიული გაფორმება“.


პრეს-კონფერენციაზე მან ასევე ისაუბრა რუსეთსა და საქართველოს შორის ბაზების გაყვანის თაობაზე გამართული მოლაპარაკებების მსვლელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე თავდაპირველად ითხოვდა 17 წელიწადს, შემდეგ 15-ს, შემდეგ 13-ს და ბოლოს 11-10 წელიწადს. “რა თქმა უნდა, ეს ვადები ჩვენთვის მიუღებელი იყო“, განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ორი “მტკივნეული“ საკითხი, ერთი სამხედრო ბაზების გაყვანა და მეორე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები აფერხებდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. “დღეს მიღწეული შეთანხმებით, ამ ორი საკითხიდან ერთი უკვე წყდება“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


“საქართველოს რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა სურს. საქართველო რუსეთს პრობლემებს არასოდეს არ შეუქმნის“, განაცხადა მან.


მისი თქმით, ქართული მხარე მზად არის სოციალური პროგრამების განხორციელება დაიწყოს ახალქალაქში, რათა ბაზების გაყვანის პროცესი ნაკლებად მტკივნეულად შეეხოს ადგილობრივ მოსახლეობას.


“ახალქალაქის სამხედრო ბაზა, ბევრი იქაური მცხოვრებლისათვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს … ჩვენ უკვე დავიწყეთ გზების, სკოლების რეაბილიტაცია და სოციალური პროგრამების განხორციელება … ასევე მზად ვართ თითოეული სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოში დარჩენა სურს და საქართველოს მოქალაქეა, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ვამსახუროთ“, განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button