ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მომხდარი შეტაკება სიტუაციას ამწვავებს

29 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარმა შეიარაღებულმა შეტაკებამ, რის შედეგადაც ოთხი ოსი სამხედრო და ერთი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა, შესაძლოა კონფლიქტის ზონაში გასული წლის  აგვისტოში მხარეებს შორის მომხდარი შეტაკების შემდგომ არსებული შედარებით სტაბილური ვითარების გამწვავება გამოიწვიოს. ინციდენტის შედეგად ასევე დაიჭრა ორი ქართველი პოლიციელი. შეტაკება წინ უძღოდა 30 მაისს დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომას და საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.  


ქართული და ოსური მხარეები კვირას საღამოს სოფელ თამარაშენის მახლობლად მომხდარ ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მანქანას, რომელსაც სამხედროები ჯავიდან ცხინვალისკენ გადაჰყავდა, ქართველი პოლიციელების ორი მანქანა აედევნა. დევნა სოფელ თამარაშენის მახლობლად დასრულდა, სადაც ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ოსი სამხედრო გარდაიცვალა, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ინციდენტის შედეგად, ერთი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 29 მაისს ქართულ პოლიციასთან შეტაკებაში გარდაიცვალა, ოსური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, რეგიონში მცხოვრები ოსების 90%-ზე მეტს რუსული პასპორტები აქვთ.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ინციდენტში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და იმ პირების გადაცემას მოითხოვს, რომლებმაც ოსი სამხედროების მანქანაზე თავდასხმა განახორციელეს.


“ვფიქრობთ, ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც [კონფლიქტის ზონაში] სიტუაციას დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად შსკ სხდომის წინ. მინდა ერთი ფაქტიც აღვნიშნო: ცოტა ხნის წინ ამ სოფლებს შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი ეწვია, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ თავისი ქმედებებით სისტემატურად დაძაბულობა შეაქვს კონფლიქტის ზონაში“, აცხადებს სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ანატოლი ბარანკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.  


ქართული მხარე უფრო მწირ ინფორმაციას ავრცელებს ინციდენტთან დაკავშირებით. ქართული მხარე აცხადებს, რომ სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ქურთას პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც კონფლიქტის ზონას ინციდენტის შემდეგ ესტუმრა, მიანიშნა, რომ შეტაკება შესაძლოა შემთხევითი ყოფილიყო. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამჟამად არ არის დაინტერესებული სიტუაციის გამწვავებაში. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ოსი სამხედროები, რომლებიც, მისი თქმით, თავს დაესხნენ პოლიციის საგუშაგოს, ნასვამები იყვნენ.       


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 30 მაისს ცხინვალში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს შერეული საკონსტროლო კომისიის სხდომაში, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის და დემილიტარიზაციის პროცესის საკითხებს განიხილავს.


“ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის სასწრაფოდ განხორციელება“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 30 მაისს. მან არ გამორიცხა, რომ ეს ინციდენტი შსკ-ს სხდომის ჩაშლის მიზნით მოხდა, რომელიც თავდაპირველად ვლადიკავკაზში იყო დაგეგმილი, თუმცა ინციდენტის შემდეგ მხარეები ცხინვალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.  მან ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტი შესაძლოა იყოს „პროვოკაცია“ კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესის წინააღმდეგ.


ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 30 მაისს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება და იმ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების დარეგულირებისაკენ.


გარდა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანისა, რომელიც სავარაუდოდ მოლაპარაკებების დღის წესრიგში მთავარი საკითხი იქნება, მხარეები ასევე განიხილავენ კონფლიქტების მოგვარების, საზღვრის დელიმიტაციის და სავიჟო რეჟიმის საკითხებს, რადგანაც ორმხრივი ურთიერთობების ეს ასპექტებიც უნდა აისახოს დოკუმენტის პროექტში, რომელსაც, შეთანხმების შემთხვევაში, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოაწერენ ხელს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 30 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ორ მინისტრს შორის შეხვედრას წინ უძღოდა “აქტიური [რუსულ–ქართული] მოლაპარაკებები“, რომელიც “პრობლემათა დიდ ნაწილზე“ პოზიციების დაახლოებით დასრულდა.


 

Back to top button