ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების ცნობით, 29 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ თამარაშენის მახლობლად მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ქართველი პოლიციელი და ოთხი ოსი შეიარაღებული პირი, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ, გარდაიცვალნენ. ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.


სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს მანქანას, რომელსაც სამხედროები ჯავიდან ცხინვალისკენ გადაჰყავდა, ქართველი პოლიციელების ორი მანქანა აედევნა. დევნა სოფელ თამარაშენის მახლობლად დასრულდა, სადაც ცეცხლის გახსნის შედეგად სამი ოსი სამხედრო და ერთი ქართველი პოლიციელი გარდაიცვალა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი. 


ქართული მხარე აცხადებს, რომ სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ქურთას საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 30 მაისს ცხინვალში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს შერეული საკონსტროლო კომისიის სხდომაში, რომელიც კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის და დემილიტარიზაციის პროცესის საკითხებს განიხილავს.


“ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის სასწრაფოდ განხორციელება“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 30 მაისს. მან არ გამორიცხა, რომ ეს ინციდენტი შსკ-ს სხდომის ჩაშლის მიზნით მოხდა, რომელიც თავდაპირველად ვლადიკავკაზში იყო დაგეგმილი, თუმცა ინციდენტის შემდეგ მხარეები ცხინვალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ბარანკევიჩმა ქართული მხარე დაადანაშაულა და ინციდენტს “პროვოკაცია“ უწოდა.


“ვფიქრობთ, ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელიც [კონფლიქტის ზონაში] სიტუაციას დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად შსკ სხდომის წინ. მინდა ერთი ფაქტიც აღვნიშნო: ცოტა ხნის წინ ამ სოფლებს შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი ეწვია, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ თავისი ქმედებებით სისტემატურად დაძაბულობა შეაქვს კონფლიქტის ზონაში“, აცხადებს სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი ბარანკევიჩის სიტყვებზე დაყრდნობით.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button