ახალი ამბები

ზურაბიშვილს რთული საპარლამენტო მოსმენა ელის








შესაძლოა, რომ საპარლამენტო მოსმენამ
მინისტრთა კაბინეტში
ზურაბიშვილის მომავალი
ბედი განსაზღვროს.

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 23 მაისს პარლამენტშია დაბარებული, სადაც იგი პარლამენტის ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოსკოვის ახალ წინადადებას გააცნობს. იმავე დღეს რუსეთისა და საქართველოს დელეგაციები ბაზებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაახლებენ.  ამას გარდა, აღნიშნული საპარლამენტო მოსმენა ცალკეულ დეპუტატთა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის დაპირისპირების ფონზე გაიმართება. ეს დაპირპისპირება 21 მაისს კიდევ უფრო დაიძაბა, მას შემდეგ რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა  გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მან მმართველი პარტიის დეპუტატებს საგარეო უწყებაზე ზეწოლასა და უსაფუძვლო კრიტიკაში დასდო ბრალი.

სამხედრო ბაზები

ქართული და რუსული მხარეები სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებებს 23 მაისს თბილიში განაახლებენ. ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ექპერტები მოსკოვის მიერ ცოტა ხნის წინ წარდგენილ ახალ წინადადებებს განიხილავენ. თბილისმა ეს წინადადებები შეაფასა როგორც “უფრო კონსტრუქციული.“ ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე წარმოადგენს, რუსულს კი – საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 მაისს მიანიშნა, რომ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ თბილისში დაგეგმილი მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართება. “რუსული მხარის მიერ წარდგენილი წინადადებები, განსაკუთრებით მისი ზოგიერთი ნაწილი, ნამდვილად მისაღებია ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ორშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იქნება“, განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს.


23 მაისს პარლამენტში დაგეგმილ მოსმენაზე, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დახურულ კარს მიღმა გაიმართება, სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს სწორედ ამ წინადადებების დეტალებზე მიაწვდის ინფორმაციას. სხდომაში პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები მიიღებენ მონაწილეობას.


მოლაპარაკებების წინ ბათუმში მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი ჯარისკაცები დააკავეს, რუსული მხარის პროტესტი გამოიწვია.  რუსეთის საელჩომ საქართველოში 21 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც გმობს ბათუმში ქართველი სამართალდამცავების მიერ რუსი ჯარისკაცების ხანმოკლე დაკავების ფაქტს და ქართულ მხარეს ბაზების გაყვანის თაობაზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პროცესის შეფერხების მცდელობაში ადანაშაულებს.


ბათუმში განლაგებული რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ოთხი ჯარისკაცი 20 მაისს გვიან ბაზის სარდლობას მას შემდეგ გადასცეს, რაც ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ბათუმის პოლიციაში იყვნენ დაკავებულები.  ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, რუსი სამხედროები ნასვამები იყვნენ და ხულიგნობის მოტივით დააკავეს.


“ჯარისკაცები [ქართულმა პოლიციამ] ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააპატიმრეს … [ამ დაპატიმრების] დეტალები მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ [ქართული მხარის] ამგვარი ქმედება მიზნად ისახავდა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის სამხედრო საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების [23 მაისს თბილისში] ატმოსფეროს გართულებას“, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით.


დეპუტატები მინისტრის წინააღმდეგ


დეპუტატებსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ბოლო დროს გართულებული ურთიერთობა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ორშაბათის საპარლამენტო მოსმენას ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცევს.


როდესაც პარლამენტართა ჯგუფმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ 20 მაისს უარი განაცხადა მხარი დაეჭირა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის კანდიდატურისთვის შვეიცარიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, ამან ქართულ მედიას კიდევ უფრო გაუღრმავა ეჭვები, რომ ეს იყო პარლამენტის პროტესტი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რადგანაც გომიაშვილი მინისტრის პროტეჟედ არის მიჩნეული.  


ზურაბიშვილსა და ცალკეულ დეპუტატს შორის დაძაბული ურთიერთობების ნიშნები პირველად შარშან სექტემბერში გამოჩნდა, როდესაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა ზურაბიშვილს პასიურობაში დასდო ბრალი, რაც გაეროში საქართველოს ხმის უფლების დაკარგვას უკავშირდებოდა. მოგვიანებით, საწევრო გადასახადის ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ საქართველომ ხმის უფლება აღიდგინა.


პარლამენტის კრიტიკა შარშან დეკემბერს გამწვავდა, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომელიც საქართველოს საელჩოებს პარლამენტსა ან რომელიმე სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ინფორმაციის წარდგენამდე, თავდაპირველად ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას ითვალისწინებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება მმართველი პარტიის დეპუტატებმა შეაფასეს, როგორც სამინისტროს მცდელობა დაებლოკა კანონმდებლებისთვის საელჩოებიდან მისაღები ინფორმაცია.


დაპირპისპირების ტალღა აპრილშიც გაგრძელდა და მასში პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო. მან საგარეო საქმეთა სამინისტრო ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გამოწვევის გამო გააკრიტიკა, რადგან ელჩის გამოწვევა მაშინ რომხდა, როდესაც ბურჯანაძე ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა.

ზურაბიშვილი რამდენიმე დეპუტატმა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ვერ მოხერხდა რუსულ მხარესთან ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.


მას შემდეგ, რაც აპრილში გავცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირმა უარი განაცხადა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ჩანაცვლების თაობაზე, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოში მინისტრად დანიშვნამდე ფრანგი დიპლომატი იყო, ისევ კრიტიკის ობიექტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი ერთ–ერთი იმ სახელმწიფოთაგანი იყო, რომელებმაც უარი განაცხადეს მხარი დაეჭირათ საქართველოს საზღვრის მონიტორინგი ევროკავშირის ეგიდით განხორციელებულიყო.


21 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი დეპუტატი მისი ელჩად დანიშვნის წინააღმდეგ იმ საეჭვო საბანკო ანგარიშების გამო წავიდა, რომელიც ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს შვეიცარიის ბანკებში აქვთ.


ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის ბოლოდროინდელი “თავდასხმები“ საგარეო საქმეთა მინისტრზე იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო “ერთადერთი“ სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც “პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული“ და “არა პარტიული ნიშნით“. ამით მან მიანიშნა, რომ მმართველ “ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისა, რომ გავლენა მოახდინოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე.


საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც თავისი ევროპული ტურნედან 21 მაისს დაბრუნდა, ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია თავისი მოადგილის გადადგომის ან მისი განცხადებების თაობაზე. ზურაბიშვილის პოზიცია ორშაბათს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენის შემდეგ გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი. შესაძლოა, ამ მოსმენამ მინისტრთა კაბინეტში ზურაბიშვილის მომავალი ბედი განსაზღვროს.

მსგავსი/Related

Back to top button