ახალი ამბები

საქართველოში სტიქიური უბედურება გრძელდება

გადაუღებელი წვიმების გამო სტიქიური უბედურება მძინვარებს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, ზემო და ქვემო სვანეთში, შიდა და ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ვითარება შედარებით გაუმჯობესდა იმერეთში. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.


რაჭაში, ონის რაიონის 6 სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, საიდანაც ევაკუირებულია 50-მდე ოჯახი.


ლენტეხის რაიონის გამგებლის გოგი ონიანის განცხადებით, რაიონში წყალდიდობამ 20-მდე სახლი დაანგრია, 200-მდე მოსახლე კი ევაკუირებულია. მთლიანად განადგურებულია სასოფლო–სამეურნეო მიწები. სვანეთს მეწყერის საშიშროებაც ემუქრება.


ოფიციალური ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 100–მდე სოფელია მოწყვეტილი გარე სამყაროს.

მდინარეების ადიდების შედეგად გორში და ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ამავე საფრთხის წინაშე იდგა დედაქალაქიც, სადაც მდინარე მტკვრის დონე საგრძნობლად იყო მომატებული. თუმცა ამ დროისთვის წყალდიდობის საფრთხე თბილისში არ არსებობს.


სტიქიით მიყენებული ზარალის შესახებ ჯერ-ჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიით დაზარალებული მოსახლების დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხები. “საჭიროების შემთხვევაში პარლამენტსაც მივმართავთ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებებით”, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა 27 აპრილს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს 26 აპრილს გამართულ საგანგებო თათბირზე დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  სამხედრო ტექნიკის მობილიზება დაავალა.


პრეზიდნეტმა ასევე გასცა ვერტმფრენების მომზადებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის რაიონებში გაგზავნის განკარგულება, რათა “შევძლოთ დაზარალებული რაიონების მონახულება და მოსახლეობის დახმარება“, დასძინა სააკაშვილმა.


27 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის დახმარება აღმოუჩინოს სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობას, “შევუძინოთ საცხოვრებელი იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც ცხოვრობდნენ“, განაცხადა ნოღაიდელმა.


დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა კრიზის–ჯგუფები, რომელიც ოპერატიულ ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებს სტიქიით დაზარალებული რაიონების და მოსახლეობის შესახებ; “თუ რა მდგომარეობაა ახლა რეგიონებში და რა გვესაჭიროება ამ დროისთვის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად“, განაცხადა 27 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button