skip to content
ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი ამ ეტაპზე ბაზების გაყვანის ვადებზე ვერ შეთანხმდნენ

მოსკოვში 23–25 მარტს გამართული ქართულ–რუსული სამდღიანი მოლაპრაკებები, სადაც ძირითადი აქცენტი საქართველოდან ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანისა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხებზე გაკეთდა, კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ცნობით “ჯერ–ჯერობით ერთმანეთს არ ემთხვევა“ და ორ–სამ კვირაში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ.


“სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებები თბილისში, აპრილის დასაწყისში გაგრძელდება“, განუცხადა 25 მარტს “რია ნოვოსტის“ რუსეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა თემურ გამცემლიძემ.


მოლაპარაკებათა კონკრეტულ დეტალებსა და შედეგებზე საუბრისაგან თავს იკავებს, როგორც რუსული, ისე ქართული მხარე.


“შეხვედრით კმაყოფილი ვართ. განვიხილეთ ბაზების და ანტიტერორიტული ცენტრის შექმნის საკითხები“, განუცხადა ჟურნალისტებს 25 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა იგორ სავოლსკიმ, რომელიც მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.


ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობდა.


“მხარეებმა დააფიქსირეს პოზიციები საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ–ჯერობით ერთმანეთს არ ემთხვევა“, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 25 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


არადა მოლაპარაკებების დაწყებამდე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ სავოლსკი 23 მარტს “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაზებთან დაკავშირებით მოსკოვის კონკრეტული წინადადებები თბილისის ინტერესებსაც ითვალისწინებს.


რუსული მხარე აცხადებს, რომ სამხედრო ბაზების გაყვანა ორგანიზებულ და მოწესრიგებულ ხასიათს უნდა ატარებდეს.

“ამასთან დაკავშირებით მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები, რომელზეც დამოკიდებულია ბაზების გაყვანის ვადები“, აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.


10 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ მიღებული დადგენილება 15 მაისამდე რუსულ მხარესთან საქართველოს ტერიტორიიდან ბაზების გაყვანის “გონივრულ ვადებზე“ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ავალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები ამ ბაზების მიმართ. ამავე დადგენილება ბაზების გაყვანის ბოლო ვადად 2006 წლის 1 იანვარს განსაზღვრავს.

გაზეთი “კომერსანტი” 24 მარტს წერდა, რომ თბილისი თანახმაა რუსული სამხედრო ბაზები 2009 წლის 1 იანვრამდე გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, თუ მანამდე ისინი “გაყვანის რეჟიმში“ იფუნქციონირებენ. ამავე გაზეთის ცნობით, ქართული მხარე მზადაა გაიღოს 10–15 მლნ აშშ დოლარი ბაზებიდან ტექნიკის გაყვანისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისათვის.

თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 მარტს უარყოფო მას-მედიით გავრცელებულ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მოსკოვში 23–25 მარტს მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა ამა თუ იმ პოზიციაზე.

“ასეთი დაუზუსტებელი ინფორმაციები არა მხოლოდ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს“, ნათქვამია განცხადებაში.


მოკოვში ასევე აქტიურად განიხილებოდა ერთობლივი ქართულ–რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხიც. მოლაპარაკებების დაწყებამდე იგორ სავოლსკი აცხადებდა, რომ “ცენტრს არაფერი აქვს საერთო ბაზებთან“, თუმცა აქვე დასძენდა, რომ ის ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების ინფრაქსტრუქტურის გამოყენებით უნდა შეიქმნას.


რუსულმა მხარემ შესთავაზა თბილისს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის უმოკლეს ვადებში შექმნა, “რათა ცენტრმა ფუნქციონირება  სამხედრო ბაზების გაყვანამდე დაიწყოს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულმა მხარემ უკვე გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნით ცდილობს უბრალოდ სახელი გადაარქვას სამხედრო ბაზებს.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ქართულ–რუსული მოლაპარაკებების საგანი იყო ასევე აფხაზეთში, კერძოდ კი გუდაუთაში რუსეთის “ყოფილ სამხედრო ბაზაზე” არსებული ობიექტების აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ გამოყენების საკითხიც.


თუმცა ქართული მხარე ეჭვქვეშ აყენებს გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის საკითხს, რომლის ინსპექტირებაც დღემდე ვერ მოხერხდა.


“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხარე გუდაუთის ბაზას დახურულად აცხადებს, იქ კვლავ რჩება დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურე. ეს ნიშნავს, რომ ბაზა დახურული არ არის“, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის 10 მარტის დადგენილებაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button