ახალი ამბები

ქართულ-რუსული მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

25 მარტს მოსკოვში დასრულდა სამხედრო საკითხებზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებები. მხარეებმა დააფიქსირეს პოზიციები საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანისა და ერთობლივი ანტიტერორიტული ცენრის შექმნის შესახებ, “რომელიც ჯერ-ჯერობით ერთმანეთს არ ემთხვევა“, ნათქვამია რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 მარტს გავრცელებულ  განცხადებაში.

კონკრეტულად, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები კომენტარს არ აკეთებს, არც რუსული და არც ქართული მხარე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილე მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობდა.

“შეხვედრით კმაყოფილი ვართ. განვიხილეთ ბაზების და ანტიტერორიტული ცენტრის შექმნის საკითხები“, განუცხადა ჟურნალისტებს 25 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა იგორ სავოლსკიმ, რომელიც მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ სამხედრო ბაზების გაყვანა ორგანიზებულად უნდა მოხდეს.


ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული რიგი ტექნიკური საკითხები, რომელზეც “დამოკდებულია ბაზების გაყვანის ვადები“.

მხარეთა განხილვის საგანი იყო ასევე აფხაზეთში, კერძოდ კი გუდაუთაში რუსეთის “ყოფილ სამხედრო ბაზაზე” არსებული ობიექტების აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ გამოყენების საკითხიც.

რუსულმა მხარემ შესთავაზა თბილისს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის უმოკლეს ვადებში შექმნა, “რათა ცენტრმა ფუნქციონირება  სამხედრო ბაზების გაყვანამდე დაიწყოს“.

23–25 მარტს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ  უახლოეს ორ–სამ კვირაში გაგრძელდეს მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად, როგორც ექსპეტრთა ჯგუფების, ისე დელეგაციების დონეზე.

Back to top button