
მოსკოვი თბილისს სამხედრო ბაზებზე კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს
ქართულ–რუსულ მოლაპარაკებებში, რომელიც 23–25 მარტს მოსკოვში გაიმართება, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ სავოლსკიმ “ინტერფაქსს“ 23 მარტს განუცხადა, რომ მოსკოვი საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ახალ წინადადებებს შესთავაზებს თბილისს.
“წინადადებებს, რომელიც სრულად ითვალისწინებს ქართული მხარის ინტერესებს და რომელსაც დღეს წარვადგენთ მოლაპარაკებების დროს“, განაცხადა სავოლსკიმ. მან კონკრეტიკისაგან თავი შეიკავა.
უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბაზებთან დაკავშირებით საგულისხმო განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, 22 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ ბაზების გაყვანა რუსეთს 250–300 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება, ხოლო უფრო ადრე რუსეთის გენშტაბის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას სულ მცირე სამი–ოთხი წელი დასჭირდება. ეს განცხადებები თბილისმა “დადებით სიგნალებად“ აღიქვა.
დღეს მოსკოვში იწყება ქართულ–რუსული მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი
რუსული სამხედრო ბაზების, ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების, კონფლიქტების მოგვარების, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხებზე, რაზეც მხარეები 18 თებერვალს თბილისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის დროს შეთანხმდნენ.
“ინტერფაქსთან“ ინტერვიუში იგორ სავოლსკიმ აღნიშნა, რომ ლავროვის ვიზიტისას განიხილებოდა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხი, “თუმცა ამას სამხედრო ბაზებთან არაფერი საერთო არ აქვს“.
“იმას გარდა, რომ ჩვენი წინადადებაა ანტიტერორისტული ცენტრი [ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებული] სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეიქმნას, ჩვენ ვთავაზობთ [თბილისს], რომ მან ფუნქციონირება ბაზების გაყვანამდე დაიწყოს“, განაცხადა სავოლსკიმ.