
მერაბიშვილი: განმუხურის ინციდენტზე ახსნა-განმარტებას ვითხოვთ
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მომხდარ ინციდენთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის შესაბამის უწყებებს უკვე გაუგზავნა შეტყობინება , რომლითაც ახსნა-განმარტებას მოითხოვს რუსი სამშვიდობოების თვითნებურ ქმედებაზე.
გალის რაიონში დისლოცირებულმა რუსმა სამშვიდობოებმა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ჯავშანტექნიკა განალაგეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს საბუთების წარმოდგენა და იარაღის დაყრა მოსთხოვეს, რასაც ვითარების გართულება მოჰყვა.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად სიტუაცია ამჟამად განმუხტულია და სამშვიდობოების კუთვნილი ჯავშანტექნიკა გაყვანილია.
თუმცა შს მინისტრი განმარტებას ითხოვს, “თუ რატომ გადაიდგა არაორდინალური ნაბიჯები“ რუს სამშვიდობოთა მხრიდან, რომელთა “მოვალეობაა განახორციელონ სამშვიდობო ოპერაციები და დაიცვან მოსახლეობა“.
ქართულმა მხარემ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მათ შორის სოფელ განმუხურში, პოლიციური საგუშაგოების განლაგების გადაწყვეტილება იანვარში ადამიანთა გატაცების ფაქტების გამო მიიღო.
“ჩვენ იძულებული გავხდით ჩაგვეყენებინა სპეცრაზმი, რომელიც ქართულ მოსახლეობას იცავს“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.