
მესაზღვრეთა მომზადებას თბილისი ევროკავშირს სთხოვს, მას შემდეგ რაც ეუთოს კარი “დაიხურა”
მას შემდეგ, რაც ეუთოს მუდმივმა საბჭომ რუსეთის “არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“ ვერ განიხილა წინადადება ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამის შესახებ, ქართულმა მხარემ ევროკავშირს მიმართა თხოვნით “დროულად განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად“.
ევროკავშირი საქართველოში დამკვირვებელთა ფართომასშტაბიანი მისიის გამოგზავნის მიმართულებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩაანაცვლებს ეუთოს საზღვრის მონიტორინგის შეწყვეტილ ოპერაციას, სიფრთხილეს იჩენს, თუმცა სანაცვლოდ თანხმდება ორი ან სამი სამოქალაქო ექსპერტის საქართველოში გამოგზავნას. როგორც ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, ევროკავშირის ექსპერტები რუსეთის საზღვართან არსებულ სიტუაციას შეისწავლიან.
“ჩვენ უფრო მეტის გაკეთება გვსურს, თუმცა ამჟამად ზუსტად ვერ დავასახელებ მისიის შესაძლო მოცულობას“, იტყობინებოდა “როიტერი“ 18 მარტს სოლანას სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები ქართველ მესაზღვრეებს მოამზადებენ, რათა მომავალში მათ თავად განახორციელონ მონიტორინგი საზღვარზე.
რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტის შემდეგ, ქართული მხარე ეუთოს ეგიდით ქართველ მესაზღვრეთა მომზადების ინიციატივით გამოვიდა. თბილისი დაჟინებით მოითხოვდა ქართველ მესაზღვრეთა წვრთნის უზრუნველყოფა ადგილებზე, ანუ მთებში და წვრთნის განხორციელება შესაბამისი – ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის აღჭურვილობით მომხდარიყო. თუმცა, რუსეთი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.
“ვენაში, ეუთოს მუდმივ საბჭოზე [10 მარტს] გამოვედი კონკრეტული გეგმით, თუ რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამა. სამწუხაროდ, არც ელჩების დონეზე არც კომიტეტის მოსამზადებელ შეხვედრაზე არ ყოფილა სერიოზული საუბარი. უფრო მეტიც, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსული დელეგაციის მიერ დაბლოკვის გამო, როდესაც პირიქით კონსტურქციულ და პოზიტიურ პოზიციას ველოდით, ეს საკითხი საერთოდ არ შესულა ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში“, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გომიაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 21 მარტს.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს წევრ ქვეყნებს გაუგზავნა მოთხოვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს არასოდეს შეჰპარვია ეჭვი ეუთოს, როგორც ორგანიზაციის, ეფექტურობაში, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრის მონიტორინგის მისიის შეწყვეტის შემდეგ და რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის შედეგად, ეუთომ ვერ შეძლო იმ მინიმუმის შესრულებაც, რაც საქართველომ მოითხოვა – ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამის განხორციელება.
“ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი კომპრომისისთვის: იყოს ორი ვერტმფრენი, ოთხის ნაცვლად, იყოს 8 მილიონი ევრო, 15 მილიონის ნაცვლად [პროგრამის დაფინანსება], თუმცა ამაოდ“, განაცხადა გომიაშვილმა.
“ჩვენთვის ეუთო დახურულია ამ კუთხით… ეს საქმე გადავაბარეთ ევროკავშირს“, განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ ახლა მხოლოდ ევროკავშირზეა დამოკიდებული, რომლის წევრიც რუსეთი არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება მესაზღვრეთა მომზადების პროგრამის თაობაზე.
“ჩვენი ერთი მოთხოვნა უკვე მიღებულია ევროკავშირის მიერ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც გულისხმობს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიეს ოფისის სამი წარმომადგენლით გაძლიერებას, რომლებიც დროდადრო მოინახულებენ და შეამოწმებენ რუსეთთან საზღვრის იმ მონაკვეთებს, რომლებიც ხშირად კამათის საგანი ხდება“, განაცხადა გომიაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად აქტიურად განიხილება ევროკავშირის ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამაში ჩართვის საკითხი “შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით და საზღვრის მახლობლად, როგორც ამას ქართული მხარე მოითხოვდა“.