
რუსული გაზეთის ცნობით, ლავროვმა საქართველოსთან მიმართებაში პოზიცია შეარბილა
რუსული გაზეთის “ვრემია ნოვოსტეის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თბილისში ვიზიტის დროს თავის ქართველ კოლეგას რეალური კომპრომისი შესთავაზა.
რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის მოხელეებზე დაყრდნობით “ვრემია ნოვოსტეი“ აცხადებს, რომ ლავროვმა თბილისს ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ბათუმში, რუსეთის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით შესთავაზა, რომლის შტაბბინაც თბილისში განთავსდებოდა. გაზეთის თავდაცვის სამინისტროს წყარო აცხადებს, რომ “რუსეთმა წერილობითი ფორმით პრაქტიკულად პირველად შესთავაზა თბილისს ახალქალაქიდან სამხედრო ბაზის მთლიანად და უპირობოდ გაყვანა”.
რაც შეეხება ბაზების გაყვანის ვადებს, წყაროების ცნობით, რუსეთმა “სამი-პლუს-ხუთი“ ფორმულა შესთავაზა თბილისს, რაც ბაზების გაყვანისა და ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის მოსამზადებელ სამწლიან პერიოდს, ხოლო ხუთ წელიწადში ბაზების გაყვანის დასრულებას გულისხმობს. გაზეთის ცნობით, არსებობს იმის ნიშნებიც, რომ ეს ვადები კიდევ უფრო შემცირდეს.
“ვრემია ნოვოსტეის“ ცნობით, რუსეთი აღარ მოითხოვს ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებაში იმ დებულების შეტანას, რომელიც უკრძალავს საქართველოს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზის განლაგებას თავის ტერიტორიაზე. რუსეთის პოზიციაა, რომ საქართველომ საერთაშორისო ვალდებულება აიღოს ამ თვალსაზრისით და ეს თუნდაც დიპლომატიური ნოტის სახით გამოხატოს.
გაზეთის ცნობით, კვლავ არსებობს მოუგვარებელი საკითხები. მაგალითად, გაურკვეველია, ვინ დააფინანსებს ანტიტერორისტულ ცენტს და რომელი სტრუქტურები – თავდაცვა თუ უშიშროება – იქნება პასუხისმგებელი მათზე.