
ლავროვი: საქართველო მოლაპარაკებებში წინსვლისთვის მზად არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო არ არის მზად რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში რაიმე წინსვლას მიაღწიოს.
“თბილისში გამართული მოლაპარაკებების დროს ჩვენ ვიგრძენით, რომ ქართული მხარე არ არის მზად ზოგ საკითხში წინსვლის მისაღწევად, ხოლო ზოგ საკითხში უკანაც კი დაიხია“, აცხადებს საინფრომაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
თბილისში 10-11 თებერვალს საქართველო-რუსეთს შორის სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა მხარეებმა ეჭვქვეშ დააყენეს ამ ფორმატით მუშაობის გაგრძელების ეფექტურობა და დასძინეს, რომ საკითხების განხილვა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თბილისში 18 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტისას იქნება შესაძლებელი.
“იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტი ხელს შეუწყობს ზოგიერთი საკითხის გარკვევას და პროგრესის მიღწევას ორმხრივ ურთიერთობებში”, დასძინა ლავროვმა.