ახალი ამბები

სააკაშვილი: ბურჯანაძემ პრემიერობაზე უარი თქვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა, თუმცა ბურჯანაძემ პარლამენტში დარჩენა ამჯობინა.
 
“ჩემთვის გასაგები მიზეზების გამო მან [ბურჯანაძემ] საჭიროდ  ჩათვალა პარლამენტში დარჩენა და სიმართლე რომ გითხრათ, მეც ასე ვთვლი, მაგრამ ჩემი მოვალეობა იყო მისთვის პრემიერობა შემეთავაზებინა”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ კონსულტაციების შედეგად შეირჩა ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა.
 
“იყო საწინააღმდეგო და მომხრე აზრები [ნოღაიდელის კანდიდატურასთან დაკავშირებით].  ჩვენთვის მთავარია სამთავრობო კურსის მთლიანობის უცვლელობა, ამ პრინციპებიდან გამომდინარე შეირჩა სწორი კანდიდატურა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 


მისი თქმით, მოხდა იმის დემონტრირება, რომ სახელმწიფო დგას “არა პიროვნებებზე, არამედ ინსტიტუტებზე”.


პრეზიდენტის განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებული იქნება მისი და პარლამენტის წინაშე.

Back to top button