
ექსპერტები ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის შესახებ საუბრობენ
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურის დასახელებას პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა ახალი კანდიდატურის ირგვლივ პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებში, 9 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მისთვის ნოღაიდელის დასახელება მოულოდნელობა იყო. “მე წინააღმდეგი ვიყავი ნოღაიდელის კანდიდატურის, მისი თვისებების გამო”, განაცხადა ბურჯანაძემ. დასახელებული კანდიდატურის მიმართ ერთიანი აზრი არც იმ საპარლამენტო უმრავლესობაშია ჩამოყალიბებული, რომელმაც ახალი პრემიერი თავისივე კაბინეტთან ერთად უნდა დაამტკიცოს.
“სივილ ჯორჯია” ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურასთან დაკავშირებით ექსპერტებს გაესაუბრა. პოლიტოლოგ გია ნოდიას განცხადებით, ნოღაიდელის მანდატი “ეკონომიკური რეფორმების კურსი იქნება” და ერთადერთი ცვლილება, რაც მის დანიშვნას მოჰყვება, “პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო გაზრდა იქნება”.
გია ნოდია, პოლიტოლოგი
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჟვანია მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა იყო, რასაც ნოღაიდელზე საერთოდ ვერ ვიტყვით, მისი წარდგენით კურსის ცვლილება არ მოხდება. მისი ძირითადი მანდატი ეკონომიკური რეფორმების კურსი იქნება, რასაც ჟვანია პოლიტიკურთან ერთად ახორციელებდა. ნოღაიდელს კი პოლიტიკური კუთხით ფორმალური ხასიათი ექნება.
საკონსტიტუციო ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებას უახლოეს მომავალში გამოვრიცხავ. მთავრობის ასეთი წყობა არამატო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არამედ სააკაშვილის ინტერესებშიც შედიოდა და ახლაც შედის.
ერთადერთი ცვლილება, რასაც ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობა გამოიწვევს, პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო გაზრდა იქნება. თუ ჟვანია დამოუკიდებლად მართავდა მთავრობას, ამას ვერ გააკეთებს ნოღაიდელი.
რაც შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ამ საკითხში ნოღაიდელი სრულიად გამოუცდელი და მოუქნელია.
პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი
ზურაბ ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზეც არ ყოფილა გამორჩეული. ამ დარგში ყველაფერი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კარნახით კეთდებოდა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა.
ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენა, ერთის მხრივ, ზურაბ ჟვანიას გუნდის ინტერესების დაცვაა, მაგრამ ის ვერასდროს ვერ გახდება გუნდის ინტერესების ისეთივე დამცველი, როგორიც იყო ზურაბ ჟვანია.
ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრის, ნოღაიდელის დასახელებით პრეზიდენტმა თავიდან აიცილა მოსალოდნელი სკანდალი, რაც გარდაუვალი იქნებოდა საკუთარი გუნდიდან კანდიდატის დასახელების შემთხვევაში. ეს კარგად გათვლილი არჩევანია, რითაც შესაძლებელი იქნება ჟვანიას გუნდის ნელ-ნელა ჩაძირვა და ცალკეული პოლიტიკური ფიგურების, როგორიცაა ბარამიძე ან მაჭავარიანი, სააკაშვილის და ბურჯანაძის გუნდებში გადანაწილება.
ნოღაიდელის დასახელება უფრო ჟვანიას გუნდის მარცხია, ვიდრე გამარჯვება. პრეზიდენტმა აიცილა მოსალოდნელი “რევოლუცია”.
ამ ეტაპზე ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაკომპლექტდება მთავრობა. შეძლებს ნოღაიდელი დამოუკიდებლად წარადგინოს მინისტრობის საკუთარი კანდიდატები, თუ გაითვალისწინებს პრეზიდენტის შეთავაზებებს. თუ იგი ამ საკითხშიც პრინციპულობას გამოიჩენს, რაც არაერთხელ გამოუჩენია ფინანსთა მინისტრობის დროს, შესაძლოა იგი პოლიტიკურ ფიგურადაც ჩამოყალიბდეს.
ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს მისი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილება მოუწევს. მართალია ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ არ შეიძლება ისეთ გულჩათხრობლ ადამიანს, როგორიც ნოღაიდელია, ასეთ მაღალ თანამდებობაზე ამბიციები არ გაუჩნდეს.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებული [ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური]კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ნოღაიდელის როლს, პრემიერ-მინისტრს უშუალოდ არ ევალება კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩარევა. ის, რასაც ზურაბ ჟვანია კონფლიქტების მოგვარების კუთხით აკეთებდა, უფრო ჟვანიას პიროვნებიდან გამომდინარეობდა და არა თანამდებობიდან. ჟვანია მისაღები პოლიტიკური ფიგურა იყო.
ია ანთაძე, ექსპერტი
სამ სხვადასხვა ჭრილში შეიძლება განვიხილოთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ნოღაიდელის წარდგენა. ერთია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანიას გუნდის მოთხოვნა მთავრობაში ე.წ. სამკუთხედის [სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის გუნდი] პრინციპის შენარჩუნების თაობაზე დროებით დააკმაყოფილა.
მეორე – საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაუქმდება პრემიერ-მინისტრის პოსტი. საკონსტიტუციო ცვლილება რომ განხორციელდება, 8 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ჯონი ხეცურიანისა და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეხვედრაც მოწმობს. ეს ლოგიკურიცაა და მოსალოდნელიც. ამდენად, საკონსტიტუციო ცვლილებებამდე ზურაბ ნოღაიდელი ფორმალური ფიგურა იქნება.
მესამეც – ზურაბ ჟვანია და ზურაბ ნოღაიდელი უახლოესი მეგობრები იყვნენ და ბოლო პერიოდში ნოღაიდელი ჟვანიას დიდი პრივატიზაციის პროცესშიც ჰყავდა ჩართული. ეს კი ხელს შეუწყობს ჟვანიას მიერ დაწყებული საქმის გაგრძელებას.
ამასთანავე ნოღაიდელი პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდბა და საკუთარი გუნდის ინტერესების დამცველი ვერ გახდება და ამით საბოლოოდ დაესმება წერტილი ჟვანიას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას.