ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა






40 წლის ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრ ზურაბ
ჟვანიას დიდი ხნის მოკავშირე იყო.
საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ალანა გაგლოევამ 8 თებერვალს გვიან ღამით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ–მინისტრის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. გაგლოევამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზურაბ ნოღაიდელს ორი დღის ვადაში ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას.
 
ინფორმაცია, ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრად შესაძლო დასახელების თაობაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაასრულა მოლაპარაკებები მთავრობის წევრებთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან, რომელიც 8 თებერვალს გვიან ღამემდე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა პირებმა  უარყვეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი და რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე მოიაზრებოდნენ პრემიერ–მინისტრის შესაძლო კანდიდატებად, ზურაბ ნოღაიდელი ერთადერთი პიროვნება დარჩა, რომელიც პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილებოდა.  
 
40 წლის ზურაბ ნოღაიდელი, გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას დიდ ხნის ახლო მეგობარი და მოკავშირე იყო. ნოღაიდელის პოლიტიკური კარიერა, ჟვანიასთან ერთად, 90–იანი წლების დასაწყისში, “მწვანეთა პარტიაში“ დაიწყო. ნოღაიდელი 1992–1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2000–2002 წლებში ექს–პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. ამავე თანამდებობაზე, მეორედ, ზურაბ ნოღაიდელი 2003 წლის ნოემბერში, “ვარდების რევოლუციიდან” რამოდენიმე დღეში დაინიშნა.
 
პრეზიდენტის პრეს-მდივნის ალანა გაგლოევას განცხადებით, ფინანსთა მინისტრის ახალი კანდიდატურის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, ქართულმა ტელეკომპანიებმა, მათ შორის “იმედმა“, გადმოსცეს, რომ ახალი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას “საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე დაიკავებს. 
 
გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ–მინისტრად დასახელებას დაჟინებით მოითხოვდა პარლამენტისა და მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიას გუნდში მოიაზრებოდნენ. მათ შორის იყო ელენე თევდორაძეც. მან 7 თებერვალს ისიც კი განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას შემცვლელელი “ჟვანიას გუნდში” უნდა მოიძებნოს.
 
“ეს მთავრობა სამეულის სახით მოვიდა ხელისუფლებაში [სააკაშვილი, ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე] და სავსებით ბუნებრივი იქნება, თუ რომელიმე ჟვანიას გუნდის წარმომადგენელი გახდება ახალი პრემიერ-მინისტრი“, განაცხადა ელენე თევდორაძემ.
 
პრეზიდენტ სააკაშვილს შერჩეულ კანდიდატურასთან ჯერ რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა არსებული ინფორმაციით, სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს 9 თებერვალს თავად  წარადგენს.   
 
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის ახალი შემადგენლობა, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტს მომდევნო ხუთი დღის ვადაში უნდა წარედგინოს. სავარაუდოდ, პარლამენტი, რომელსაც სააკაშვილის მმართველი პარტია აკონტროლებს, დაამტკიცებს მთავრობის ახალ შემადგენლობას.  
 

Back to top button