ახალი ამბები

აფხაზეთის პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა ახალი კავშირი შექმნეს

საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რამოდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ და  საზოგადოებრივმა მოძრაობამ 8 თებერვალს ახალი კავშირი “სახალხო ერთობის ფორუმი” შექმნეს.


ფორუმის დამფუძნებელთა თქმით, ეს დიდი პოლიტიკური კავშირების შექმნის მცდელობაა აფხაზეთში.


ფორუმის დამფუძნებლებს შორის არიან “აფხაზეთის სახალხო პარტია“, “სოციალურ-დემოკრატიული პარტია“, რესპუბლიკური პარტია “აფსნი“, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “აიდგილარა (ერთობა)“, “აიააიარა (“გამარჯვება“, “აფხაზეთის დამცველთა კავშირი“, და საზოგადოებრივი მოძრაობა “სამშობლო“.


სახალხო ერთობის ფორუმმა მიიღო მიმართვა, რომელშიც მოუწოდებს აფხაზეთის ახლადარჩეულ ხელისუფლებას შეასრულოს ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეთანხმებას აფხაზეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა და ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გასული წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.


შეთანხმების თანახმად, ბაღაფშის ყოფილი მეტოქე რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტი გახდება და კურირებას გაუწევს აფხაზეთის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას.   

Back to top button