ახალი ამბები

ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე მსჯელობენ

საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ხელისუფლებამ 7 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურების თაობაზე კონსულტაციები დაიწყო.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მოლაპარაკებები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. თუმცა, ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის საკითხი შეხვედრის განხილვის თემა არ ყოფილა.


ქართულ მედიაში კვლავაც ვრცელდება მოსაზრებები ახალი პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატურების თაობაზე. ყველაზე რეალურ კანდიდატებად მოიაზრებიან: სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კემულარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ასევე არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლოა ფინანსთა მინისტრი, ზურაბ ჟვანიას დიდი ხნის მეგობარი, ზურაბ ნოღაიდელი წარადგინონ. თუმცა ამ ხმებს არც ერთი ოფიციალური პირი ჯერ არ ადასტურებს.


კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრი 10 თებერვლისთვის უნდა წარადგინოს.

მსგავსი/Related

Back to top button