ახალი ამბები

ზურაბ ჟვანია საქართველომ უკანასკნელ გზაზე გააცილა






სხვა ფოტოების სანახავად დააკლიკეთ სურათს
6 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე ათასობით ადამიანმა მიაგო უკანასკნელი პატივი ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაესწრნენ უცხოური დელეგაციები, ასევე უბრალო მოქალაქეები, რომლებმაც გულთან მიიტანეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი.


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს გამთენიისას, ოფიციალური ვერსიით, მხუთავი გაზის  ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. 


ზურაბ ჟვანიას სულის მოსახსენებელი პარაკლისის შემდეგ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა, გაიმართა სამგლოვიარო გამოსვლები, რომლის დროსაც გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და სხვა გამომსვლელებმა. 


თითოეულმა მათგანმა ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გამო სამძიმარი გამოხატა მისი ოჯახის – დედის, მეუღლის და სამი მცირეწლოვანი შვილის მიმართ.


“არც ერთი ადამიანი ამ ქვეყნიდან ასე უაზროდ არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ცოტა ადამიანი ვიცი, რომელმაც ისე აზრიანად იცხოვრა, როგორც ჩვენმა მეგობარმა – ზურაბ ჟვანიამ“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
“ვერ წარმომედგინა, რომ აქ ამ სიტუაციაში მომიწევდა ყოფნა…  ჩვენთვის, ყველასთვის ეს ბოლო ოთხი დღე იყო დიდი ცხოვრებისეული გამოცდა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ყველა ქვეყნის პირველმა პირმა, რამაც ცხადყო, თუ როგორი “დაფასებული იყო ზურაბ ჟვანია“. პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველომ ასეულობით სამძიმრის წერილი მიიღო საზღვარგარეთიდან.
 
პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ამ “მწუხარებისა, პესიმიზმისა,  ცინიზმისა” საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგა და “ეს ყველამ ერთად ზურაბ ჟვანიას მცდელობით გავაკეთეთ“.
 
პრეზიდენტმა საზოგადოებას შიშის დაძლევისკენ მოუწოდა, საქართველოსადმი არაკეთილმოსურნეებს კი მიანიშნა, რომ საქართველოს ძლიერების “ხელყოფის იმედი და ილუზია არავის უნდა ჰქონდეს”.


“თუ ჩვენ გვინდა ვისწავლოთ გამარჯვება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ტრაგედიაში გაერთიანება. ზურაბ ჟვანია აღარ არის მაგრამ, ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ, საქართველო გახდება ძლიერი, ეს არის ჩვენი მოვალეობა ზურაბ ჟვანიას ხსოვნის წინაშე”, განაცხადა პრეზიდენტმა.


გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “ძალიან ძნელია ჩემთვის ზურაბ ჟვანიაზე წარსულში საუბარი”.


“ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ამ ტრაგიკულ დღეებში ერთად დგომა შეგვიძლია, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ერთად დაწყებულ საქმეს”, განაცხადა მან.


ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიამ “ბრწყინვალედ წარმოაჩინა დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებისადმი ქართველი ერის სწრაფვა”, როცა 1999 წელს ევროპის საბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების დროს განაცხდა, “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი”.


გამოსათხოვარ ცერემონიაზე ასევე წაიკითხეს აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სამძიმრის წერილი, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ იგი შოკირებულია ზურაბ ჟვანიას სიკვდილით.


სამების საკათედრო ტაძრიდან დამკრძალავი ცერემონია პარლამენტის შენობისაკენ გაემართა, სადაც რამოდენიმე წუთის განმავლობაში დაასვენეს ზურაბ ჟვანიას ცხედარი. ეს სიმბოლური ჟესტი რამოდენიმე მიზეზით იყო განპირობებული: ჟვანიას სახელს, რომელიც პარლამენტს 1995-2001 წლებში თავმჯდომარეობდა,  უკავშირდება ქართული პარლამენტარიზმის ტრადიციების შექმნა. 2003 წლის 23 ნოემბერს კი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ათასობით მომიტინგეს რევოლუციური სამეულის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ მიმართა სიტყვებით: “ეს ყვავილების რევოლუციაა, ვარდების რევოლუცია”. 


საქართველოს 41 წლის პრემიერ-მინისტრი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.


მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაღუპვის შემდეგ მის ფუნქციებს ითავსებს, 7 თებერვლიდან დაიწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის წევრებთან და საპარლამენტო ფრაქციებთან პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურის გარშემო. საქართველოს კონსტიტუცია სააკაშვილს ავალდებულებს ახალი პრემიერ-მინისტრი 10 თებერვლისათვის დაასახელოს.  

Back to top button