ახალი ამბები

ექსპერტიზის დასკვნით, ჟვანიას გარდაცვალების მიზეზი ნახშირჟანგით ინტოქსიკაციაა

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსის ლევან სამხარაულის განცხადებით, ბიოქიმიური კვლევის შედეგებით პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალების მიზეზი ნახშირჟანგით (CO) ინტოქსიკაციაა.
 
“ზურაბ ჟვანიას სისხლი შეიცავს კარბოქსიჰემოგლობინის 60,6%-ს, ხოლო რაულ უსუფოვის  – 73,9%. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის მიზეზი არის CO-თი ინტოქსიკაცია”, განაცხადა 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ლევან სამხარაულმა.


ბიოქიმიური ანალიზის წინასწარმა შედეგებმა, რომელიც 3 თებერვალს გახდა ცბობილი, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის 40%-იანი შემცველობა აჩვენა. 


სამხარაულის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება მაღალი რანგის თანამდებობის პირის გარდაცვალებას, გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი კვლევების ჩატარებას. 


“ჩვეულებრივ შემთხვევაში ჰისტოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები იქნებოდა სრულიად ზედმეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გამოკვლევები ჩატარდება და მისი პასუხები 10 დღეში გახდება ცნობილი”, განაცხადა სამხარაულმა.
 
მისივე ინფორმაციით, ანალოგიური ექსპერტიზები ტარდება აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროში, რომლის პასუხებიც რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

Back to top button