
გაზეთი “რეზონანსი“ პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატებზე საუბრობს
გაზეთ “რეზონანის“ მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატების თემას ეხება.
გაზეთის ცნობით, რადგანაც თითქმის შეუძლებელია ზურაბ ჟვანიას შემცვლელის პოვნა, სავარაუდოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი წარადგენს პიროვნებას, რომელიც დროებით შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.
“ვინ შეცვლის გარდაცვლილ პრემიერს? ამის შესახებ მსჯელობა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დაიწყო. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა. მათ შორის არიან: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე“, წერს გაზეთი.
“რეზონანსის“ ცნობით, ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი ვარაუდობს, რომ საწყის ეტაპზე ახალი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ჟვანიას დაახლოებილი პირი გახდეს, თუმცა რამდენიმე თვეში ეს პიროვნება აუცილებლად შეიცვლება.