ახალი ამბები

ოფიციოზი უარყოფს ხმებს ჟვანიას მკვლელობის თაობაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა უარყვეს არსებული ხმები პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და დაადასტურეს ადრე არსებული ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო და გაზის გაჟონვამ გამოიწვია.


შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი 3 თებერვალს ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდნენ და მოკლე ვიდეოფირი აჩვენეს, რომელშიც გადაღებული იყო ის ბინა, სადაც აღმოაჩინეს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრები. ეს უკანასკნელი ვანო მერაბიშვილის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე იყო.


ფირი მხოლოდ ჟურნალისტებს აჩვენეს. ოპერატორები ჩვენებაზე არ დაუშვეს. დაახლოებით ერთწუთიანი ფირი მას შემდეგ იქნა ჩაწერილი, რაც ორი გარდაცვლილის გვამი აღმოაჩინეს.


ფირზე გადაღებულია ჟვანიას გვამი, რომელიც პირაღმა წევს იატაკზე სავარძლის მახლობლად. ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ჟვანიას გვამი სავარძლიდან მისმა დაცვამ იატაკზე გადაიყვანა, რათა მისთვის ხელოვნული სუნთქვა ჩაეტარებინა.


რაულ უსუფოვის გვამი სამზარეულოს კარის მახლობლად იქნა აღმოჩენილი.


ფირზე აღბეჭდილია მადიგა, რომელზეც დევს რამდენიმე თეფში, საჭმელი და გაშლილია ნარდი.


გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ამჟამად საკვებს უტარდება ექსპერტიზა; თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა.


ირანული წარმოების გაზის გამათბობელი ბინაში, რომელიც რაულ უსუფოვმა დაიქირავა საბურთალოს ქუჩაზე, უბედურ შემთხვევამდე ორი დღით ადრე დაამონტაჟეს. 


 

Back to top button