ახალი ამბები

გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს გამთენიისას თბილისში მისი მეგობრის ბინაში დაღუპული იპოვეს.


“ჩვენი ინფორმაციით, იგი მივიდა თავის მეგობართან დაახლოებით ღამის 12 საათზე. რადგანაც ზურაბ ჟვანია არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს მობილურზე და კარიც არავინ გააღო დიდი ხნის განმავლობაში, მისმა დაცვამ ფანჯარა დაახლოებით 4:30 გამთენიისას შეამტვრია. მან აღმოაჩინა უკვე დაღუპული ზურაბ ჟვანია და მისი მეგობარი. ეს იყო უბედური შემთხვევა. პრემიერ-მინისტრი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა“, განაცხადა მერაბიშვილმა. 


მისი თქმით, ჟვანია სტუმრად იმყოფებოდა თავის მეგობართან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილესთან რაულ იუსუფოვთან.  


მერაბიშვილის თქმით, ზურაბ ჟვანია სავარძელში იპოვეს მიცვალებული, მისი მეგობარი კი – სამზარეულოში.  

ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. თუმცა, ექსპერტიზის შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია. 


“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწვეტა ან სიკვდილი ავტომატურად იწვევს კაბინეტის მთელი შემადგენლობის გადადგომას.

ამავე კანონის თანახმად, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, რომელიც ასევე ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრია, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

Back to top button