
მერაბიშვილი გამოძიების პირველ შედეგებზე საუბრობს
დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განაცხადა, რომ 1 თებერვალს გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარი ტერაქტი გამოიწვია 70 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებების: პლასტიკური ჰექსოგენის, ტროტილის და ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ. მინისტრის თქმით, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს ნივთიერებები ავტომანქანის სალონში იყო მოთავსებული.
მერაბიშვილის განცხადებით, შსს-ს სპეციალურ დავალებათა, კრიმინალური და კონტრდაზვერვის დეპარტამენტები, რომლების უშუალოდ ახორციელებენ გამოძიებას, ასეულობით ვერსიასა და ინფორმაციას ამუშავებენ. მინისტრმა საზოგადოებას პოლიციასთან კონსტუქციული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
“ტერაქტის მოტივებზე უფრო კონკრეტული საუბარი 2-3 დღეში შეგვეძლება, მაშინ, როცა ჩვენ დარწმუნებულები ვიქნებით ჩვენი განცხადებების სისწორეში და იმაში, რომ ეს განცხადებები გამოძიების ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება”, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
გორში მომხდარ ტერაქტს 3 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, 27 ადამიანი კი დაშავდა. მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ დაზარალებულთა და მათი ოჯახების ფინანსურ კომპენსაციებზე ზრუნვა უკვე დაიწყო.
მინისტრმა კიდევ ერთი ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც მისი თქმით, “არაპირდაპირ უკავშირდება” მომხდარ ტერაქტს: დღეს სამართალდამცავებმა სამტრედიაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან 200 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს.