ახალი ამბები

დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს დაუპირისპირდნენ

პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა “ნაციონალური მოძრაობიდან“  27 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს განკარგულება გააპროტესტა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარლამენტში ან სხვა სახელმწიფო უწყებაში შეტყობინების გაგზავნამდე საქართველოს საელჩოებმა სამინისტროს უნდა აცნობონ ამის შესახებ.


საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ განკარგულების საშუალებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს დაბრკოლებები შეუქმნას პარლამენტარებს საელჩოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების პროცესში.


თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილება საელჩოების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქნა მიღებული.


“ეს გაკეთდა სუფთა სამუშაო მოსაზრებით და არავითარ შემთხვევაში არ ისახავდა მიზნად პარლამენტის, ანდა ხელისუფლების სხვა შტოსათვის ინფორმაციის შეზღუდვას. საქართველოს ელჩმა რომ არ შეასრულოს ბატონი კოტე გაბაშვილის დავალება, ბატონი კოტე გაბაშვილი ვის მოსთხოვს პასუხს, პირდაპირ ელჩს? ის მოსთხოვს პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამიტომ ჩვენ საქმის კურსში უნდა ვიყოთ იმის შესახებ, თუ რა დავალებებს აძლევს საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიურ კორპუსს“, აცხადებს “რეზონანსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი გომიაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით 28 დეკემბერს.


ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტარები, კერძოდ დეპუტატი კოტე გაბაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კერძოდ მინისტრის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოხატავს პროტესტს.


სექტემბერში კოტე გაბაშვილმა სალომე ზურაბიშვილი ინერტულობაში დაადანაშაულა, რასაც, როგორც მან განაცხადა, გაეროში საქართველოს ხმის უფლების დაკარგვა მოჰყვა. თუმცა, ოქტომბერში საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ზურაბიშვილმა წარმატებით განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას არ დაეკარგა ხმის უფლება, რის შემდეგაც ინციდენტი ამოიწურა.

მსგავსი/Related

Back to top button