ახალი ამბები

საქართველო რუსეთის საზღვართან კონტროლს ამკაცრებს

4 სექტემბერს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან საზღვრის დაცვის დეპარტამენტს რუსეთთან საზღვრის უმკაცრესი გაკონტროლება უბრძანა.


“ჩვენ ისედაც მკაცრი კონტროლი გვქონდა დაწესებული, თუმცა ახლა [ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ] ეს ზომები კიდევ უფრო უნდა გავამკაცროთ. ჩვენ ვამოწმებთ თითოეულ პირს ვინც საზღვარს კვეთს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ, რათა ერთობლივი ძალებით მოხდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.


“რაც ბესლანში მოხდა ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ნამდვილად არ ველოდით, რომ მოვლენები ასე ცუდად განვითარდებოდა. მე საქართველოს რეგიონების მონახულებას ვაპირებდი, ბორჯოში უკვე ვიყავი, მაგრამ დატრიალებული ტრაგედიის გამო გადავწყვიტე თბილისში დავბრუნებულიყავი“, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


ოფიციალური ინფორმაციით ბესლანში ტერორისტული აქტის შედეგად მსხვერპლთა რიცხვმა 322 მიაღწია, აქედან 155 ბავშვია.

Back to top button