ახალი ამბები

ოპოზიცია საიდუმლო დოკუმენტს აპროტესტებს

ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას შიდა პოლიტიკური ანგარიშწორებისთვისაც იყენებს. სწორედ ასეთი შეფასება მისცეს საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭომ შეიმუშავა და რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებას ეხება. დოკუმენტის ოცდამეშვიდე თავში ვკითხულობთ: “იმ დეპუტატების მიმართ ვინც არღვევდა და არღვევს საქართველოს კანონებს გატარდეს ადექვატური ზომები.”

საიდუმლო დუკუმენტში დეპუტატების ხსენებამ პარლამენტში უკმაყოფილება გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარე Nნინო ბურჯანაძე, რომელიც ამავდოულად უშიშროების საბჭოს წევრიცაა, იყო პირველწყარო, ვინც დეპუტატებს 23 სექტემბერს ბიუროს დახურულ სხდომაზე აცნობა ამის თაობაზე. საიდუმლო დოკუმენტის თაობაზე ინფორმაციის გაჟონვა ერთდღიანი საპარლამენტო დებატების საფუძველი გახდა. ბურჯანაძის განცხადებით დოკუმენტში მითითებულია ვადა, ოქტომბრის შუა რიცხვები, როცა პროკურატურას მზად უნდა ჰქონდეს დეპუტატების მამხილებელი მასალები.

პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალური წერილით მიმართა პრეზიდენტს, სადაც უარყოფითი შეფასება მისცა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დეპუტატების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას.

პრეზიდენტმა აღნიშნული წერილის საფუძველზე დაავალა გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს, იუსტიციის მინისტრს როლანდ გილიგაშვილს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ჯემალ გახოკიძეს საკითხის შესწავლა და პარლამენტისთვის განმარტების გაკეთება.

ჯემალ გახოკიძის წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება უზუსტობას, რომელიც შემთხვევით გაიპარა ტექსტში. მისი თქმით, “უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები არ აისახა ზუსტად სამუშაო გეგმაში (ამ სახელწოდებით მოიხსენიებს 12 სექტემბერს მიღებულ დოკუმენტს); რეალობა კი გულისხმობს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების უკანონო საქმიანობის გამოვლენას”.

პარლამენტმა უშიშროების საბჭოს ოცდამეშვიდე მუხლის ახალი ფორმულირება შესთავაზა: “განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ისეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებას”. უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა გაიზიარეს პარლამენტართა შეხედულება, რომ ოცდამეშვიდე მუხლმა ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ უნდა იმოქმედოს და არა მარტო დეპუტატებზე.

დოკუმენტის არსებობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებამ სახელმწიფო კანცელარიისა და შევარდნაძის მხარდამჭერი საპარლამენტო ჯგუფების გაღიზიანება გამოიწვია. პრეზიდენტის მხარდამჭერი საპარლამენტო ფრაქციები, რომელთა პოზიციებს “სოციალისტთა” ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილიც იზიარებს, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევენ უშიშროების საბჭოს საიდუმლო დოკუმენტის სააშკარაოზე გამოტანას.

საიდუმლო დოკუმენტის გახმოვანება პრეზიდენტმა შევარდნაძემაც გააკრიტიკა. “მე არ მაწუხებს დოკუმენტში არსებული რედაქციული შეცდომა, რომელიც ადვილად გამოსწორებადია. მე უფრო ის მაწუხებს, რომ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი ახმოვანებს იმ დოკუმენტს რომელიც საიდუმლოა,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მის მიერ საიდუმლო დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონით” დასჯადი არ არის.

“მე ხელს შევუწყობ სამართალდამცავებს ნებისმიერი მოქალაქის კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთაში; მაგრამ მიუღებელია ამ კუთხით აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ადრესატი გამოკვეთოს პარლამენტის წევრების სახით,” განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ეს არის სახელისუფლებო მარაზმი და უპასუხისმგებლობის გამოხატულება; სამარცხვინოა, როცა ოპოზიცია რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობების გამო შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე მორატორიუმს აცხადებს და ამავე მოტივით გაგებით ეკიდება პრეზიდენტის ვიზიტის გადადებას პარლამენტში, მაშინ ხელისუფლება ამგვარი დოკუმენტებით პასუხობს მას,” აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.

პარლამენტის კულუარებში უკვე გაიჟღერა იმ დეპუტატების გვარებმა, რომელებიც შესაძლოა საიდუმლო დოკუმენტის ოცდამეშვიდე მუხლის მსხვერპლი გახდნენ. საუბარია ძირითადად ბორის კაკუბავაზე, ჯემალ გოგიტიძის ფრაქცია აღორძინებიდან, მიხეილ სააკაშვილზე, კოტე კემულარიაზე, ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” და ჯუმბერ პატიაშვილზე.

სახელმწიფო კანცელარიამ საიდუმლო დოკუმენტში მხოლოდ პარლამენტართა მოხსენიება რედაქციული შეცდომით განმარტა, ამიტომ ამჟამად დოკუმენტი რედაქციულად მუშავდება უშიშროების საბჭოში. თუმცა დეპუტატები მაინც გამოთქვამენ უკმაყოფილებას და აცხადებენ, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებენ ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button