ახალი ამბები

უმაღლესი განათლება კრიზისში

სტუდენტები საუნივერსიტეტო სისტემის რეფორას მოითხოვენ

აგვისტოს დასაწყისში, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების დამთავრების შემდეგ ორმა სტუდენტმა თეა თუთბერიძემ და გიორგი გოცირიძემ სასამართლოში უნივერსიტეტში მისაღები წესების გასაუქმებლად სარჩელი შეიტანეს. მათი მტკიცებით ეს წესი და მთლიანად საუნივერსიტეტო სისტემა კორუმპირებულია. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცედენტია. სტუდენტებისა და აბიტურიენტების ამ ინიციატივამ, შესაძლოა, 70 წლიანი სისტემის ძირ-ფესვიანი ცვლილება გამოიწვიოს.   

12 აგვისტოს სახალხო დამცველის ოფისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში ჩაჭრილი აბიტურიენტებისა და მათი მშობლების ერთი ჯგუფი შეიკრიბა. ისინი ცოტა ხნის წინ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ორი სტუდენტის მიერ შეტანილ სარჩელს მხარს უჭერენ, რომელიც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას გულისხმობს. ომბუდსმენის ოფისში შეკრებილები გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების ჩარიცხვასაც მოითხოვენ.

შეკრებილთა განცხადებით, აბიტურიენტთა დიდი ნაწილი საგამოცდოდ იმ პროფესორ-მასწავლებლებთან ემზადება, რომლებიც საგამოცდო კომისიის წევრები არიან. ფაქტობრივად, მათთან მომზადებული აბიტურიენტები გარანტიას იღებენ, რომ მისაღებ გამოცდებზე ისინი გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. ეს ვითარება აბიტურიენტებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს.

თეა თუთბერიძის თქმით, მათ თავდაპირველად საკუთარი პრეტენზიები და მოსაზრებები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიაწოდეს. მისაღები გამოცდების წესების შეცვლის გარდა, მათ რექტორატს უნივერსიტეტის რეორგანიზაციის გეგმაც შესთავაზეს. მათი მოსაზრებით, უნივერსიტეტში არსებული 21 ფაკულტეტის ნაცვლად 5 სკოლა უნდა შეიქმნას – იურიდიული, ბიზნესი, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო; უნდა გაიმიჯნოს ადმინისტრაციული და აკადემიური ხელმძღვანელობა; დაწესდეს ხელმძღვანელი პირების თანამდებობაზე ყოფნის ლიმიტი.

სტუდენტებს ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის არჩევის წესის დარეგულირება. დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფაკულტეტის ხელმძღვანელებს ფაკულტეტის საბჭოები ირჩევენ. სტუდენტებს სურთ, რომ საბჭოში მეცნიერთა და სტუდენტთა თანაბარი წარმომადგენლობა იქნეს უზრუნველყოფილი, ხოლო უნივერსიტეტის დიდ საბჭოში (უმაღლესი მმართველი ორგანო) სტუდენტთა წარმომადგენლობა მესამედამდე გაიზარდოს. რაც ყველაზე მთავარია, თავად ფაკულტეტები სრული აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიით უნდა სარგებლობდნენ.

სტუდენტთა თქმით, მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამის შემდეგ გაადაწყვიტეს მათ სასამართლოსათვის მიემართათ. “უბედურება არის ის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს ითბობს მომავალი თაობების გაუნათლებლობის ხარჯზე”, შენიშნავს ერთ-ერთი სტუდენტი. 

უნივერსიტეტის ხემლძღვანელობა სტუდენტთა მიერ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. უნივერსიტეტის პრორექტორის პარმენ მარგველაშვილის აზრით, ეს არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა.

სახალხო დამცველის ოფისში შეკრებილმა აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა კი მიმღები კომისია კორუფციაში უშუალოდ დაადანაშაულეს. სახალხო დამცველის ოფისში მყოფი ერთ-ერთი აბიტურიენტი ნათია ლომაურიძე გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე აბარებდა. მისი თქმით, გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტები ერთმანეთისაგან იწერდნენ, რასაც დარბაზში მყოფი დამკვირვებლები ყურადღებას არ აქცევდნენ. ქართულის წერითი გამოცდისას კი ზედამხედველები ზოგიერთ სტუდენტს შავ ნაწერშივე უსწორებდნენ შეცდომებს. თუმცა, ისინი კონკრეტული გამომცდელების გვარებს ვერ ასახელებენ და არც მათი მამხილებელი კონკრეტული საბუთი არ გააჩნიათ.

ნათიას აზრს მრავალი აბიტურიენტი ეთანხმება და თავს დაჩაგრულად გრძნობს. მათ თავიანთ მშობლებთან ერთად აბიტურიენტთა და მშობელთა კომიტეტი შექმნეს, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების ჩარიცხვას მოითხოვს, ხოლო პირველი სემესტრის ნიშნების მიხედვით, სტუდენტების ფასიან და უფასო განყოფილებებზე გადანაწილებას. მათი თქმით, ისინი ყველა საშუალებას გამოიყენებენ, რათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავიანთ მოთხოვნებზე დაითანხმონ. 

სკეპტიკოსების აზრით, უნივერსიტეტი ყველა მსურველს უბრალოდ ვერ დაიტევს. მათი თქმით, შემოთავაზებული მოდელი სამართლიანობას ვერ აღადგენს, რადგან ძალიან ბევრ სემესტრულ გამოცდას აბიტურიენტების მიერ კორუფციაში დადანაშაულებული ლექტორები იბარებენ.

“ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მოდელს ბევრი ნაკლობანება გააჩნია, მაგრამ ეს არის გზა, როგორმე შევარყიოთ უნივერსიტეტში არსებული სისტემა და ადმინისტრაცია უფრო გლობალური ცვლილებების განხორციელებაზე დავითანხმოთ”, ამბობს 20 წლის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი კანდელაკი.

ორი წლის წინ პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ საგანგებოდ შექმნილმა შვიდკაციანმა ჯგუფმა ანტიკორუფციული პროგრამა შეიმუშავა. ანტიკორუფციული პროგრამის ერთ-ერთი თანაავტორის, იურისტი დავით უსუფაშვილის თქმით, პროგრამაში განათლების სფეროში არსებულ კორუფციას სპეციალური თავი მიეძღვნა. “ეს სფერო ცალკე იმიტომ კი არ გამოვყავით, რომ იგი ყველაზე უფრო მეტად კორუმპირებულია. არამედ იმიტომ, რომ იგი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია კორუფციის დასაძლევად”. 

ანტიკორუფციული საბჭოს (ანტიკორუფციული პროგრამის აღმასრულებელი ორგანო) წევრის გიგი თევზაძის თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, რაში გამოიხატება კორუფცია უნივერსიტეტში – ფულის აღებაში თუ ნაცნობ-მეგობრობის გამო ნიშნის დაწერაში. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ მისაღებ გამოცდებზე ჩანს, თუმცა, კორუფციას ადგილი აქვს სწავლის პერიოდში  არსებული გამოცდებისას, სახელმწიფო გამოცდებისა და სამეცნირო ხარისხების დაცვის დროსაც.

არსებული სისტემის შეცვლის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად თევზაძეს ცალკე სახელმწიფო სააგენტოს შექმნა მიაჩნია. თითოეული სკოლა დამთავრებული მოსწავლე, რომელიც უმაღლესი განათლების მიღებას მოისურვებს, სპეციალურ ტესტს ჩააბარებს, რაც სუბიექტურ ფაქტორებს მინიმუმამდე დაიყვანს. იქ მოგროვებული ქულებისა და უნივერსიტეტების მოთხოვნების შესაბამისად ისინი სხვადასხვა ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტთა ერთ ჯგუფს შორის არსებული უთანხმოება უმაღლესი განათლების სისტემის კრიზისზე მეტყველებს და რეფორმების გატარების აუცილებლობას ადასტურებს. უნივერსიტეტში რეფორმების განხორციელებამდე კი ვითარება გაურკვეველია. დღეს მოქმედი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სასამართლოში შეტანილი სარჩელი სასამრთლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ადმინისტრაციული აქტის შეჩერებას იწვევს. შესაბამისად, გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გამოსავალი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა მოიძებნოს, რადგან 2 სექტემბერს საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა იწყება.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button