ახალი ამბები

“იტერა” საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს ეუფლება

მოსკოვის საქართველოზე ზემოქმედების კიდევ ერთ ბერკეტი

16 აგვისტოს საქართველოს მთავრობასა და “იტერას” წარმომადგენლებს შორის სამდღიანი მოლაპარაკებები კომპანიის გამარჯვებით დასრულდა. ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს, რომლის თანახმად, თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის “თბილგაზისა” და რუსთავის ქიმკომბინატის “აზოტის” აქციების სამართავი პაკეტი “იტერას” გადაეცა. ამიერიდან “იტერა” “აჭარაგაზის” გარდა მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა გაზგამანაწილებელ კომპანიას გააკონტროლებს.

ამერიკაში რუსული “გაზპრომის” მიერ დაფუძნებული “იტერა” უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოსათვის გაზის ერთადერთი მომწოდებელია. საქართველოში “იტერა” ბუნებრივ აირს თბილისში რეგისტრირებული კომპანიის “საქგაზის” მეშვეობით ყიდის. მოსახლეობის გაზის მომარაგების გარდა, “იტერა” საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული უმსხვილესი საწარმოების პარტნიორიც იყო ქალაქ რუსთავში.

“იტერასთან” დაწყებული თანამშრომლობის შემდეგ საქართველოს დავალიანებამ რუსული კომპანიის მიმართ 70 მილიონ ლარს გადააჭარბა. ექსპერტების აზრით, ეს ვალები ხელოვნურად იქნა დაგროვილი, რათა შემდეგ “იტერასათვის” სტრატეგიული მნიშვნელობის გაზგამანაწილებელი ქსელები და უმსხვილესი საწარმოები ჩალის ფასად გადაეცათ.

საქართველოს მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე “იტერა” ვალების სანაცვლოდ “თბილგაზის” აქციათა 51%-სა და ქიმკომბინატ “აზოტს” მიიღებს. ამას გარდა, შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც ბუნებრივი აირის ექსკლუზიური მიმწოდებელი და გამანაწილებელი იქნება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
 
ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ “იტერასთან” გაფორმებული ხელშეკრულებით 24 საათიანი გაზის მოწოდება გარანტირებული იქნება. სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აკაკი ზოიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. თუმცა, “საქგაზის” გენერალურმა დირექტორმა ლეონიდ დეიკალომ 15 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს მთავრობის ოპტიმისტური განცხადებები გააქარწყლა: “ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ გაზი უწყვეტად იდენს. გაზი მხოლოდ გადახდის შემთხვევაში იქნება მოწოდებული”.

მთავრობის გადაწყვეტილებამ ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საგანგებოდ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ “იტერას” სახით “საქართველოს ხელისუფლებას საქმე ექნება რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან, რომელიც კომერციული მოსაზრებებით კი არა, მათი მითითებებით მოქმედებს და ის რუსეთის ხელში საქართველოზე ზემოქმედების სერიოზულ ბერკეტად იქცევა”.

“იტერას” მიმართ დაეჭვებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. “იტერასთან” თანამშრომლობის რამდენიმე წლის განმავლობაში რუსულ კომპანიას ბუნებრივი არის მოწოდება საქართველოსათვის არაერთგზის შეუწყვეტია ვალების გადაუხდელობის მომიზეზებით, მათ შორის, ზამთარშიც, როდესაც მოხმრება პიკს აღწევს. თუმცა, გასული წლის ზამთარში ამერიკულმა კომპანია “ეიიესმა” “იტერასთან” გააფორმა ხელშეკრულება და გაზის საფასური წინასწარ გადაიხადა. ამის მიუხედავად, ამერიკული კომპანიის კუთვნილ გარდაბნის თბოელექტროსადგურს ბუნებრივი აირის მიწოდება მაინც შეუწყდა.

მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ალტერნატიული მომწოდებლის გამოჩენის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებასა და მომხმარებელს უფლება აქვთ მასთან გააფორმონ ხელშეკრულება. ექსპერტების თქმით, ეს არარეალურია, რადგან “იტერას” უფლება ექნება მეორე მომწოდებელს უარი განუცხადოს მის მიერ კონტროლირებადი გაზსადენების გამოყენებაზე. საქართველო უბრალოდ იძულებული იქნება “იტერას” მოთხოვნებს დაემორჩილოს, დარწმუნებული არიან ექსპერტები.

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, არსებობს იმის საშიშროებაც, რომ რუსულ კომპანიას მაგისტრალური გაზსადენებიც გადასცენ. “[14 აგვისტოს] მთავრობის სხდომაზე აშკარად გაიჟღერა, რომ მაგისტრალური გაზსადენი “გაზსპრომს” უნდა გადაეცეს…ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკული პერსპექტივა მთლიანად იქნება დაღუპული”.

გოცირიძის აზრით, სამ წელიწადში ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ამოქმედების შემდეგ ბუნებრივი აირის გარკვეული ნაწილი საქართველოს დარჩება, ხოლო დანარჩენის შესყიდვა შეღავათიან ფასებში შეეძლება. გამანაწილებელი ქსელისა და მაგისტრალური გაზსადენების რუსული კომპანიებისათვის გადაცემა კი საქართველოს ამ შესაძლებლობის გამოყენების შანს არ დაუტოვებს.    

ქართველი მიმომხილველები ხაზს უსვამენ ბოლო წლებში მოსკოვის მიერ საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსული ენერგეტიკული კომპანიების გამოყენებას. კრემლთან დაახლოებული ენერგეტიკული კომპანიების მეშვეობით რუსეთი დსთ-ის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. მეზობელ სახელმწიფოებში მოსკოვის ძირითად სამიზნეს სათბობ-ენერგეტიკული, საბანკო და სატელეკომუნიკაციო სფეროები წარმოადგენს.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული სცენარის მსგავსად, უკრაინაში, მოლდოვასა და სომხეთში რუსული კომპანიების “გაზპრომისა” და “იტერას” მიმართ უზარმაზარი დავალიანება წარმოიქმნა, რომლის სანაცვლოდ კრემლმა რუსული კომპანიებისათვის სტრატეგიული საწარმოების გადაცემა მოითხოვა. ამჟამად, მოსკოვი, ფაქტობრივად, დსთ-ის ყველა სახელმწიფოს სათბობ-ენერგეტიკულ სექტორს აკონტროლებს.
 
ექსპერტების აზრით, არსებობს კიდევ ერთი, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება “იტერასთან” გარიგებას დათანხმდა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსულ კომპანიასთან შეთანხმებით საქართველომ შემოდგომასა და ზამთარში დესტაბილიზაცია აიცილა.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე ბუნებრივი აირის ზამთარში შეწყვეტა მოსახლეობის უკიდურეს უკმაყოფილებას იწვევს. გასულ წლებში ზამთარში გაზის შეწყვეტას მასობრივი საპროტესტო აქციები და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები მოჰყვა. ექსპერტების აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციური ძალების გაერთიანების ფონზე ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება მოსახლეობის უკმაყოფილების თავიდან აცილებას.

ამას გარდა, ქართველი ექსპერტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსულმა კომპანიამ  საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას რუსეთის მიერ საქართველოზე სამხედრო ზეწოლის შედეგად მიაღწია. “იტერას” საქართველოს მთავრობასთან წარმოებული მოლაპარაკებები უკანასკნელ დღეებში რუსეთ-საქართველოს შორის უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობებსა და საქართველოს ტერიტორიების დაბომბვას დაემთხვა.

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორზე კონტროლის მოპოვებით რუსეთმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა სამხრეთ კავკასიაში. ახლა უკვე რუსეთი სამხედრო ბაზების გარდა სერიოზულ ეკონომიკურ ბერკეტებსაც ფლობს, რაც მოსკოვს რეგიონში პოლიტიკური პროცესების მართვას გაუადვილებს. როგორც ჩანს, რუსეთის პატარა მეზობლებს ყოფილი ბატონის აზრის გათვალისწინება კიდევ დიდხანს მოუწევთ.  

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button