ახალი ამბები

ხელისუფლების გადაცემისთვის მზადება დემოკრატიის ხარჯზე

კავკასიელი ლიდერები ძალაუფლების კონცენტრაციას ანიჭებენ უპირატესობას

დაახლოებით ერთ წელიწადში სამხრეთი კავკასიის სამივე სახელმწიფოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. თუმცა, სამივე ქვეყნის პრეზიდენტი თადარიგს დღესვე იჭერს და თავიანთი რეჟიმების გასახანგრძლივებლად საარჩევნო კანონმდებლობასა და კონსტიტუციებში მათთვის სასურველი ცვლილებები შეაქვთ. ამ პროცესის პარალალურად კი სამივე ქვეყანაში ოპოზიციური ძალების გაერთიანება მიმდინარეობს, რომლებიც პრეზიდენტების უპირობო გადადგომას მოითხოვენ და  ხელისუფალთა უკიდურესი არაპოპულარობის ფონზე გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევას იმედოვნებენ.

ყველაზე ადრე პრობლემები სომხეთის პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანს შეექმნა. 1999 წელს სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტი) დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დემირჭიანი და თავდაცვის მინისტრი სარქისიანი მოკლეს, ოპოზიციამ და მედიამ პრეზიდენტი დაადანაშაულეს, რადგან საყოველთაოდ ცნობილი იყო მათი ურთიერთდაპირისპირება. 

კოჩარიანის წინააღმდეგ ბრალდებები განსაკუთრებით ინტენსიური ამ ზაფხულს გახდა, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტის დღის წესრიგში კოჩარიანის იმპიჩმენტის საკითხის შეტანა მოითხოვა. პრეზიდენტს პარლამენტში მომხდარ ტრაგედიაში მონაწილეობის გარდა,  კორუფციაში, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ვალების ნაცვლად სახელმწიფო ქონების რუსეთისათვის ჩალის ფასად გადაცემაში ადანაშაულებენ.

“კოჩარიანის გადადგომა დღეს პოლიტიკურ აუცილებლობას წარმოადგენს”, განაცხადა გავლენიანი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ალბერტ ბაზეიანმა.

რობერტ კოჩარიანმა ოპოზიციის მომძლავრებისთანავე მიიღო ზომები და პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა შესთავაზა. პრეზიდენტის წინადადებამ ეროვნულ ასამბლეაში დიდი შეხლა-შემოხლა გამოიწვია. თუმცა, საბოლოოდ პრეზიდენტის ინიციატივა 1 აგვისტოს ძალაში შევიდა. ამ ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი 37-დან 56-მდე გაიზარდა, ხოლო პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების ადგილების რაოდენობა 94-იდან 75-მდე შემცირდა. ექსპერტების თქმით, გაცილებით იოლია მაჟორიტარული არჩევნების გაყალბება. განხორციელებული ცვლილებები კი იმას ნიშნავს, რომ კოჩარიანი პარლამენტის შემადგენლობის დაახლოებით “ნახევარს საკუთარი სურვილის მიხედვით დანიშნავს”.  

ამას გარდა, შეიცვლალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა და დანიშვნის წესი. ცსკო-ს წევრების რაოდენობა 13-დან 9-მდე შემცირდა, საიდანაც სამს უშუალოდ პრეზიდენტი დანიშნავს, დანარჩენებს კი ეროვნულ ასამბლეაში ამჟამად მყოფი ექვსი ფრაქცია.

ექვსი ფრაქციიდან სამი პრეზიდენტს უჭერს მხარს, რაც კოჩარიანს ცსკო-ს კონტროლის სრულ საშუალებას მისცემს. ექსპერტების თქმით, ცსკო-ს კონტროლი და მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვის ზრდა რობერტ კოჩარიანის ხელში, ფაქტობრივად, განუზომელ ძალაუფლებას უყრის და პრეზიდენტის დამარცხება არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციასაც ძალიან გაუჭირდება.   

საინტერესოა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, ფაქტობრივად, სომხეთში განხორციელებული ცვლილებების გამეორება გადაწყვიტა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით 24 აგვისტოს დაინიშნა რეფერენდუმი, რომელიც კონსტიტუციაში 25 ცვლილების შეტანას გულისხმობს. სომხეთის მსგავსად, აზერბაიჯანშიც დაგეგმილია მაჟორიტარ დეპუტატთა რიცხვის გაზრდა. რაც მთავარია, პრეზიდენტის მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი შეასრულებს, ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარისა, როგორც ეს დღეს მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ალიევი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკუთარ ვაჟს ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნავს, შემდეგ კი უარს იტყვის პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებაზე, რათა საკუთარ ვაჟს ხელისუფლების ყველა სადავე კანონიერადDგადააბაროს. 
 
აღნიშნულმა ცვლილებებმა ოპოზიციის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. 30 პოლიტიკურმა პარტიამ გაერთიანება გადაწყვიტა, რათა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადონ.

აღსანიშნავია, რომ ალიევის ინიციატივას ევროსაბჭო მყისიერად გამოეხმაურა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამეთვალყურეო ჯგუფის წევრმა ანდრეას გროსმა ალიევის ინიციატივას “მსოფლიოში ჯერ არნახული პრეცედენტი” უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ჰეიდარ ალიევს რეფერენდუმის ერთი თვით გადავადება ურჩია, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად საზოგადოებას საკმარისი დრო მისცემოდა. თუმცა, საერთაშორისო ზეწოლის მიუეხედავად, ალიევის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

საქართველოს პრეზიდენტს მისი კოლეგებისაგან განსხვავებით საქმე უფრო “რთულად” აქვს. სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება უფრო განვითარებულია და მედიაც გაცილებით უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობს. ამას გარდა, პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების საპირწონედ არსებობს რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელთაც ხელისუფლებასთან რეალური დაპირისპირება და ხალხის მობილიზება შეუძლია. ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში 2 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები და ხელისუფლების კრიმინალიზაციის წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.

ამით აიხსნება ის, რომ პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ფაქტობრივად, არცერთმა საპარლამენტო ფრაქციამ არ მოიწონა. შევარდნაძემ, ერთი შეხედვით, გაიზიარა ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნა და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას დათანხმდა, თუმცა, დაიტოვა უფლება, რომ, პრაქტიკულად, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის შემთხვევაში პარლამენტი დაითხოვოს.

საქართველოში შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარების ფონზე შევარდნაძემ განსხვავებული ტაქტიკა აირჩია: ერთი მხრივ, დაშლილი ნომენკლატურული ტიპის პარტიის “მოქალაქეთა კავშირის” აღორძინება და, მეორე მხრივ, ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციის პერსპექტივის პროპაგანდა, რომლის დაძლევასაც მხოლოდ ის შეძლებს.

ამჟამინდელი პრეზიდენტების შემცვლელებზე საუბარი უკანასკნელი არჩევნების შემდეგ დაიწყო. ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს: პრეზიდენტების პიროვნებებთან არის მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული სამხრეთკავკასიური სახელმწიფოების ჩამოყალიბება. ეს განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შეეხება, სადაც ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა მდივნებმა ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ომსა და ქაოსში ჩაფლულ ქვეყნებში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და მომავალი განვითარების პერსპექტივა შექმნეს. რაც შეეხება სომხეთის პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანს, იგი ყარაბაღის ომის გმირი იყო და უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობდა ქვეყანაში.

რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრს მიაჩნია, რომ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გამოცდილების ნაკლებობის გამო ხელისუფლების გადაცემამ, შესაძლოა, არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს. ამდენად, დაინტერესებული ჯგუფები და სახელმწიფოები ახლავე ზრუნავენ, რომ არჩევნებამდე მათთვის სასურველი კანდიდატებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნან.  

მიზეზების მეორე წყება, რის გამოც დღეს მოქმედი პრეზიდენტების თანამდებობიდან დროზე ადრე წასვლაზე დაიწყო საუბარი, არის სამივე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან დაბალი დონე  და კორუფციის უზარმაზარი მასშტაბები, რასაც რეგიონში არსებული კონფლიქტების მოუგვარებლობაც ემატება.

აღსანიშნავია, რომ სამივე ქვეყანაში უკანასკნელ დრომდე ხელისუფლება ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვას, ან მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას ახერხებდა, რაც პრეზიდენტებს პოლიტიკური პროცესის კონტროლის საშუალებას აძლევდა. თუმცა, გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობებმა და ადამიანის უფლებების რეგულარულმა დარღვევამ ხალხის უკიდურესი უკმაყოფილება გამოიწვია.  

შექმნილი ვითარების ფონზე, მმართველი რეჟიმები თავიანთი იმიჯის გაუმჯობესების საშუალებას ვეღარ ხედავენ და ამიტომაც სულ უფრო ხშირად მიმართავენ ძალადობას თავიანთი მოწინააღმდეგეების მიმართ. მეორე მხრივ, ოპოზიციური ძალები გრძნობენ, რომ მათ გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლიათ, რაც გაერთიანების სტიმულს აძლევთ და, ამავდროულად, მათ შეურიგებლობასაც განაპირობებს.

ახლა სწორედ ოპოზიციური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების უნარზე და კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ საზოგადოებების მობილიზებას, რათა სამხრეთ კავკასიაში კლასიკური ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბება არ დაუშვან და დემოკრატიული განვითრებისათვის აუცილებელი რეფორმების ინიცირება მოახდინონ.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

დამატებით იხილეთ:
პრეზიდენი ძალაუფლებას არ თმობს
პოლიტიკური პარტიები საერთო საფრთხის წინააღმდეგ ერთიანდებიან
პატრიარქების შემოდგომა

მსგავსი/Related

Back to top button