ახალი ამბები

არაკოორდინირებულობა მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას აფერხებს

25 აპრილს თბილისში მომხდარი 6 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. თბილისის მერიამ სპეციალურად შექმნა მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარების ფონდი, რომელმაც სახელმწიფოსა და კერძო პირების მიერ გამოყოფილი თანხებით საცხოვრებელი ბინები უნდა შეიძინოს და დაზარალებულებს გაუნაწილოს. თუმცა, სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტრუქტურებს შორის არაკოორდინირებული მუშაობის გამო დაზარალებულთა დახმარება ჭიანურდება.

ამჟამად, მერიის ფონდი სტატისტიკურ მონაცემებს ამუშავებს და საინფორმაციო ბანკის შექმნაზე მუშაობს. ფონდის წარმომადგენლის მანანა ქუთათელაძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ყველაზე დიდ პრობლემას დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა წარმოადგენს. არსებობს სხვადახვა უწყების მონაცემები, რომელთა თანახმად, დაზარალებულთა ოდენობა 15,000-იდან 20,000-მდე მერყეობს.

მეორე ძირითადი პრობლემა კი დაზიანების ხარისხის განსაზღვრა არის. როგორც ფონდში ანცხადებენ, ამ სფეროშიც ქაოსი სუფევს. მაგალითისათვის გამოდგება გლდანის რაიონი, სადაც თავდაპირველი მონაცემების თანახმად, 15,000-მდე მესამე კატეგორიის (ყველაზე მძიმე დაზიანება) ბინა იყო. შემოწმების შემდეგ მათი რიცხვი 435-მდე დავიდა. ფონდის ექსპერტების განცხადებით, მესამე კატეგორიის ბინათა რაოდენობა, სავარაუდოდ, 2,500 არ გადააჭარბებს. პირველი და მეორე კატეგორიის დაზიანებების მქონე სახლების აღრიცხვა კი ჯერ საერთოდ არ დაწყებულა.

ამჟამად, მერიის ფონდის ანგარიშზე 2 მილიონი ლარია ჩარიცხული. თითოეულ ოჯახზე მაქსიმუმ 10,000 ლარი არის გათვალისწინებული. ამ თანხით ჯერჯერობით 46 ბინა არის შესყიდული. მერიას იმედი აქვს, რომ მთელი თანხა 400 ბინის ყიდვას ეყოფა. ამ ბინებით მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულებს დააკმაყოფილებენ, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ცხოვრობს.

მერიის ფონდის გარდა ორი კერძო ფონდი – “ქართუ ბანკი” და პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” მიერ შექმნილი დახმარების ფონდი მოქმედებს. “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას მერიის ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის პირები, ვინც უკვე ისარგებლა მათი დახმარებით, მერიისაგან სხვებთან შედარებით უფრო გვიან მიიღებენ კომპენსაციას ბინის სახით.

თუმცა, ვითარება აქაც გაურკვეველია. “ქართუ ბანკმა” ფონდს 100 ოჯახის სია მიაწოდა, რომელთაც მათ 10,000 ლარის ოდენობის დახმარება გაუწიეს. “ახლებს” მათი მონაცემები მერიის ფონდისათვის დღემდე არ გაუგზავნია, ამ უკანასკნელის მიერ რამდენიმეგზის მოთხოვნის მიუხედავად. ფონდში კი ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბინების გაცემა მხოლოდ მონაცემთა ბაზის დამუშავების შემდეგ მოხდება.

სახელმწიფოსა და კერძო პირების მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მათი მუშაობით უკმაყოფილებას გამოხატავს. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მას ერთოთახიანი ბინის მაგივრად მისი სამოთახიანი სახლისა და ეზოს ჩაბარება მოსთხოვეს. “სამი ოთახისა და ეზოს ნაცვლად ერთოთახიანი ბინის მოცემა უნამუსობაა”, უთხრა “სივილ ჯორჯიას” აღშფოთებულმა მარიკამ.

ამავდროულად, ბევრს ლაპარაკობენ სახლმმართველობებსა და მერიაში არსებული კორუფციის შესახებ. დაზარალებულის თქმით, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, მერიაში გარკვეული ფულადი საზღაურის სანაცვლოდ მას ბინის დაუყოვნებლივ გადაცემას დაჰპირდნენ. “იძულებული ვიყავი გადამეხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში უსასრულოდ მომიწევდა ლოდინი”, განგვიცხადა ინკოგნიტო რესპოდენტმა.

კორუფციის არსებობას მერიის მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდშიც აღიარებენ. ქუთათელაძის განცხადებით, ძალზე სამწუხაროა, რომ კორუფციამ ამ სფეროშიც იჩინა თავი. მისი თქმით, სახლმმართველობებსა და მერიაში არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც დაზარალებულებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ყალბ საბუთებს აძლევენ და ბინის ადრე მიცემას ჰპირდებიან. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, მხოლოდ მერიის სპეციალური ფონდია უფლებამოსილი განკარგოს მერიის სპეციალურ ანგარიშზე შემოსული თანხები და გაანაწილოს ბინები.

მანანა ქუთათელაძის თქმით, ძალიან ბევრი ავანტიურისტი გაჩნდა, რომელმაც დაზარალებულთა და მერიის ხარჯზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა. 20 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის მეპატრონეები ხშირად მოდიან და მოაქვთ ცნობა, თითქოს, მიწისძვრამდე იქ 19 ადამიანი ცხოვრობდა. ამას მოქალაქეები გაცილებით დიდი საცხოვრებელი ფართის მიღების იმედით აკეთებენ.

რაც შეეხება დაკარგული ფართის ერთი ერთზე ანაზღაურებას, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დანგრეული სახლის ფართს მოქალაქე მერიას გადასცემს. თუმცა, ეს უფრო გამონაკლისი შემთხვევები იქნება, რადგან, სამწუხაროდ, მერიას ამდენი თანხა არ გააჩნია, დასძინა მანანა ქუთათელაძემ.

პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილია სპეციალური 11 კაციანი კომისია, რომლის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები არიან შესულები. სწორედ ეს კომისია განახორციელებს ბინების გაცემის მონიტორინგს.

ყველაზე მეტად დაზიანებული ბინის მეპატრონეების დაკმაყოფილებას მერიის ფონდი შემოდგომაზე ვარაუდობს. ფონდის ექსპერტების გათვლებით მონაცემთა ბაზის დამუშავება და მათ ანგარიშზე არსებული თანხის ათვისება სექტემბრისათვის უნდა დასრულდეს.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button