ახალი ამბები

რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობა მატულობს

რუსეთი დაკავებული ჩეჩნების ექსტრადიციას მოითხოვს

ქართული მხარე კვლავ კატეგორიული წინააღმდეგია პანკისში ძალისმიერი ოპერაციის ჩატარებისა და იქ მყოფ შეიარაღებულ ჯგუფებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. რუსული მხარე კი საქართველოზე ზეწოლას აგრძელებს და პანკისში საერთაშორისო ანტი-ტერორისტული ოპერაციის ჩატარებას მოითხოვს.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, საქართველოს აქვს შანსი, განთავისუფლდეს პანკისში მყოფი უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან. “იმ შემთხვევაში, თუ ჩეჩენი მეომრები იარაღს ჩააბარებენ და ნებაყოფლობით ჩაბარდებიან, მაშინ საქართველოს ხელისუფლება მათ ლტოლვილის სტატუს მიანიჭებს,” – განაცხადა ხაბურძანიამ 3 აგვისტოს და იქვე დასძირა, რომ ეს პირობა არ გავრცელდება მათზე, ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოში, ან რუსეთის ფედერაციაში.

ამის პარალელურად, რუსი პოლიტიკოსები სულ უფრო აქტიურად მოუწოდებენ კრემლს პანკისში ანიტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებისკენ. თუმცა, ამჟამად ამ მოთხოვნის ფორმულირება შეიცვალა და მოსკოვში გაეროს მანდატზე ალაპარაკდნენ.

“სხვა გზა აღარ არის, რუსეთმა აუცილებლად უნდა დაიწყოს კონსულტაციები გაეროს უშიშროების საბჭოსთან, რათა გავარკვიოთ, რამდენად აუცილებელია გაეროს მანდატი [პანკისში] საბრძოლო ოპერაციის ჩასატარებლად,” – განაცხადა 4 აგვისტოს მიხაილ მარგელოვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუსეთის მხრიდან გაეროსადმი შესაძლო მიმართვაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად რუსეთის ზედა პალატის თავმჯდომარე სერგეი მირონოვიც საუბრბოდა. თუმცა, ორივე სენატორი აღნიშნავს, რომ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაზე, რომელშიც რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად შესაძლოა ანტიტერორისტული კოალიციის წევრებმაც მიიღონ მონაწილეობა.

ოფიციალური თბილისის პოზიცია პანკისში უცხო ქვეყნის ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია. 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა Eედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად გამორიცხა პანკისში წესრიგის დასამყარებლად უცხო ძალის მონაწილეობა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მას დამოუკიდებლად შესწევს უნარი მოაგვაროს პანკისის პრობლემა. საქართველო ცდილობს რუსეთს დაანახოს, რომ მას შეუძლია და სურვილიც აქვს გააკეთოს ეს.

3 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს ჩეჩენ მეომართა 7 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი, რომელმაც საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. 5 აგვისტოს კი მოხდა კიდევ ერთი, 6 კაციანი ჩეჩენ მეომართა ჯგუფის დაკავება. რამდენიმე მათგანი დაჭრილი იყო. როგორც უშიშროების სამინისტრო იტყობინება, ჩეჩნების განცხადებით, ისინი პირველად იმყოფებიან საქართველოში და აქამდე პანკისშიც არასოდეს ყოფილან.

უშიშროების სამინისტროს პრეს-მდივნმა ნიკა ლალიაშვილმა “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ “დაკავებულ ჩეჩნებს წაეყენათ ბრალდება “საზღვრის უკანონო დარღვევასა” და “ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ტარებაში” და ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლებიან.”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოთხოვა საქართველოს მხარეს დაკავებულ პირთა ექსტრადიცია. მან ჩეჩენთა ჯგუფის დაკავება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ გადადგმულ “პირველ ნაბიჯად” შეაფასა.

“თუ რამდენად სერიოზული საქართველოს ხელისუფლების განზრახვა იბრძოლოს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, გაირკვევა იმით თუ რაოდენ სწრაფად აღმოჩნდებიან დაკავებული რუსი ბანდიტები [ჩეჩენი მეომრები] ლეფორტოვოს ციხეში [მოსკოვში],” განაცხადა 5 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა.

საქართველოს მიერ პანკისის პრობლემის გარშემო გატარებულ პოლიტიკას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვაშინგტონი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის მიერ 31 ივლისს გაკეთებულ მხარდამჭერ განხადებასთან ერთად ამჟამად უკვე ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციამაც სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსადმი.

საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენთა დელეგაციის მეთაურმა დევიდ დრეიერმა 3 აგვისტოს პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ჩვენ კარგად ვიცნობთ პანკისის პრობლემას და ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარებაში.”

ყოველივე ამის მიუხედავად, კვლავ არ ჩანს რეალური პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლაც შეძლებს პანკისის პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას. ერთადერთ იმედად კვლავ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა რჩება, რომლის მორიგი ფაზა 2 აგვისტოს დასრულდა.     

მსგავსი/Related

Back to top button