ახალი ამბები

დაპირისპირება თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას აფერხებს

აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მეთაურის თამაზ ნადარეიშვილის მორატორიუმის ვადა 1 აგვისტოს ამოიწურა. მორატოტიუმი 7 თვის წინათ გამოცხადა და აფხაზეთის საკითხებში ლეგიტიმური ხელისუფლების ჩაურევლობასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოქმედებების შეჩერებას ითვალისწინებდა. პარტიზანული მოძრაობის გააქტიურებისკენ მოწოდებამ თბილისის პოლიტიკურ წრეებში დაპირისპირება გამოიწვია.

ვადის ამოწურვის პირველ დღეს თბილისის მთავარ გამზირზე, რუსთაველზე 5 ათასამდე დევნილმა მიტინგი მოაწყო და საქართველოს მთავრობისგან აფხაზეთის დასაბრუნებლად მკაცრი პოლიტიკის გატარება მოითხოვა.

მიტინგს წინ უსწრებდა გამთენიისას აფხაზეთის სიღრეში მომხდარი ორი მძლავრი აფეთქება, რის შედეგადაც ორი სახლი და ხიდი დაზიანდა. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფხაზეთში მომხდარ აფეთქებებში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურს ქართველი პარტიზანები არ დაუდანაშაულებია, ხიდის აფეთქებებზე კი მონაცემებს არ ფლობდა. რუსი სამშვიდობოებისგან განსხვავებით, სოხუმმა  ბრალი ქართველებს დასდო და აფეთქებებში პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება დაინახა.

პარტიზნული შენაერთის “ტყის ძმების” მეთაურმა დავით შენგელიამ 1 აგვისტოს აფეთქებებში მისი და სხვა პარტიზანული შენაერთების მონაწილეობა არ დაასტურა და დევნილებს მიტინგში შეუერთდა.

დევნილების ერთ ნაწილს პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედი არ  აქვთ და თამაზ ნადარეიშვილს პარტიზანული ბრძოლის გაფართოებაში უჭერენ მხარს. თავის მხრივ, თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრია, აცხადებს, რომ თბილისმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დიპლომატიით ვერ შეძლო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისი წესდების მე-7 მუხლის ამოქმედების წინადადებით მიმართა, რომელიც მშვიდობის იძულებით დამყარებას ითვალისწინებს.

“ყველამ კარგად იცის, რომ დიპლომატიურ მეთოდებს თუ ზურგს ძალისმიერი საშუალებები არ უმაგრებენ, წარმატებას ვერ მივაღწევთ,” – აცხადებს თამაზ ნადარეიშვილი.

1 აგვისტოს გამართულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე თამაზ ნადარეიშვილმა აფხაზეთის დევნილი აღმასრულებელი ხელისუფლების მთლიანი შემადგენლობა დაითხოვა, ხოლო საქართველოს პარლამენტში მოღვაწე ორ აფხაზურ ფრაქციას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისურფლებამ პარტიზანულ მოძრაობაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის პირად წარმომადგენელად აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე დანიშნა. მაშინ აფხაზეთის დევნილმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის აბაშიძის საქმიანობას. თუმცა, მას შემდეგ რაც ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება გასაუქმებელია, რადგან ის კონფლიქტის მოწესრიგებას ხელს უშლის, ნადარეიშვილი და ასლან აბაშიძის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გაფართოებულ სხდომაზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის მხარეში თემურ შაშიაშვილმა, რომელმაც პარტიზანულ მოძრაობას ყოველგვარი დახმარება აღუთქვა. მან წამოაყენა წინადადება, რომ 27 სექტემბერს, აფხაზეთის დედაქალაქის – სოხუმის დაცემის დღეს მთელ საქართველოში სახალხო შიმშილობა გამოაცხადონ და ამით მსოფლო საზოგადოების ყურადღება მიპყრონ.

აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე საქართველოში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის და ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების გარდა კიდევ ერთი ორგანო, უპორტფელო განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის აპარატი მუშაობს, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს მოლაპარაკებებში. ამას ემატება გავლენიან პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის, მაგალითად თემურ შაშიაშვილის აქტიურობა ამ მიმართულებით. ამ ორგანოებსა თუ პოლიტიკოსთა შორის არანაირი კოორდინაცია არ არსებობს, ხშირ შემთხვევაში კი, აფხაზეთის თემა მათ შორის დაპირისპირების საგნად იქცევა ხოლმე, რაც სახელმწიფოს მხრიდან კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს ასუსტებს.

გიორგი სეფაშვილი, გოგა ჩანადირი

მსგავსი/Related

Back to top button