ახალი ამბები

პრეზიდენტი ძალაუფლებას არ თმობს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებები ჩაიშალა

26 ივლისს პრეზიდენტის საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრამ ცხადყო, რომ ედუარდ შევარდნაძე საკუთარი გავლენის შემცირებას არ დაუშვებს. იგი ყოველნაირად შეეცდება დარჩენილი წლები საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად გამოიყენოს, რათა განახლებული “მოქალაქეთა კავშირის” ყრილობაზე პარტიისათვის დასახული ორი ამოცანა – საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოგება – განახორციელოს.

19-21 ივლისს ქობულეთში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილულ იქნა “მრეწველთა” ფრაქციის მიერ შემუშავებული პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც მინისტრთა კაბინეტის შემოღებას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივის საშემოდგომო სესიაზე განხილვამდე ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა “მრეწველთა” კანონპროექტის პრეზიდენტთან ერთად განხილვა. ამავდროულად, მწვავედ დაისვა რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულთა ინსტიტუტის გაუქმების საკითხიც.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად, ყველა ფრაქციის ხელმძღვანელი და პარლამენტარი უკმაყოფილებას გამოთქვამდა. “პრეზიდენტმა არ გაიზიარა პარლამენტის პოზიციები არცერთ საკითხში. ეს შეხვედრა იმისათვის ჩატარდა, რომ საზოგადოებაში შეიქმნას ილუზია, რომ ამ შეხვედრას რაღაც აზრი ჰქონდა”, განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია “დემოკრატების” წევრმა ელენე თევდორაძემ.

აღსანიშნავია, რომ შარშან აპრილში პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავად შესთავაზა პარლამენტარებს მინისტრთა კაბინეტის შემოღება, რომელიც პრეზიდენტისთვის უფლება-მოსილებათა გაზრდას ითვალისწინებს. პარლამენტართა უმრავლესობის ნეგატიური დამოკიდებულების გამო პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრაზე დღემდე არ დამდგარა. ამის მიუხედავად, შეხვედრაზე მისულ პარლამენტარებს პრეზიდენტმა განუცხადა, რომ თუ “მრეწველთა” კანონპროექტი მის  მიერ შემოთავაზებული პროექტის პრინციპებს არ გაიზიარებს, მაშინ იგი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

“მრეწველთა” ფრაქციის წევრის ვახტანგ ხმალაძის აზრით, მართალია, შევარდნაძეს პარლამენტართა ერთმესამედზე მეტი მხარს უჭერს, მის ინიციატივას საკმარისი მხარდამჭერი მაინც არ ეყოლება. “ასეთი ცვლილების მიღების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ მინიმუმ ავტორიტარულ მმართველობას, მაქსიმუმ – დიქტატურას”, დაწმუნებულია ხმალაძე.

მოქმედი კოსტიტუციის თანახმად, პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საშუალება მაინც აქვს, თუ ხელახალი კენჭისყრის შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივას სულ მცირე 141 დეპუტატი დაუჭერს მხარს. თუმცა, ქართველი ექსპერტების თქმით, ამჟამად არსებული ძალთა განაწილების პირობებში 141 ხმის მოგროვება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შევადნაძის მემკვიდრისათვის ხელისუფლების გადაცემაზე ზრუნვა პრეზიდენტის გარემოცვამ აქტიურად დაიწყო. მათი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პრეზიდენტის მიერ პარლამენტის როლის დაკნინება. პარლამენტში გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოთქმული საჯარო შენიშვნების საპასუხოდ ნინო ბურჯანაძემ ჯორბენაძეს საკმაოდ აგრესიულად შეახსენა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე არის მეორე პირი სახელმწიფოში და არ მოითმენს მისი მისამართით გამოთქმულ უმიზეზო შენიშვნებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლისაგან.

“პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მისთვის მთავარია მისი თბილი სავარძელი და მის მიერ შეგროვილი ვიწრო წრე, რომელიც მის ტაშ-ფანდურზე ცეკვავდა და კვლავაც იცეკვებს”, განაცხადა აღშფოთებულმა ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე სულ უფრო მკვეთრად ხდება გამიჯვნა ოპოზიციურ ძალებსა და ხელისუფლებას შორის. შელახული იმიჯის აღსადგენად შევარდნაძისა და მისი გარემოცვის წინაშე ორი არჩევანი დგას: ან ვითარების მკვეთრი და სწრაფი გამოსწორება, ან შიდა დაძაბულობის ფონზე პრეზიდენტისათვის ქვეყნის მხსნელის იმიჯის შექმნა.

პრეზიდენტის ახალი ფავორიტის ავთანდილ ჯორბენაძის, ერთი შეხედვით, ენერგიული ნაბიჯების მიუხედავად, უახლოეს მომავალში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება ნაკლებად მოსალოდნელია, რაც მიმდინარე საფინანსო წელს 70 მილიონიანმა საბიუჯეტო გარღვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრეზიდენტის გარემოცვის მხრიდან უფრო მოსალოდნელია პოლიტიკური და/ან კრიმინოგენული ვითარების გამწვავება, რათა 1990-იანი წლების დასაწყისის მსგავსად, სტაბილიზაციის დამყარება კვლავ შევარდნაძემ შეძლოს. ოპოზიციური ძალები სავსებით რეალურად მიიჩნევენ ამ სცენარს. ამის დასტურად მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში პატარა შეიარაღებული რაზმების გამოჩენა და წარსულში გასამხედროებული ორგანიზაცია “მხედრიონის” წევრების ხაჩიშვილისა და გელაშვილის გათავისუფლება მოჰყავთ. გათავისუფლებისთანავე ეს ორი პიროვნება ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სააკაშვილსა და ჟვანიას დაემუქრნენ, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებენ.

ფრაქცია “დემოკრატების” ლიდერის გია ბარამიძის აზრით, პრეზიდენტი ცდილობს ისეთი ვითრების შექმნას, რომელიც გარანტირებულს გახდის ხელისუფლებაში შევარდნაძისათვის სასურველი პიროვნების დატოვებას. მისი მიზანია “იმგვარი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალშიც აკონტროლოს პოლიტიკური სიტუაცია და სახელისუფლო სისტემა”.

ხელისუფლების მცდელობების პარალელურად საერთო პრინციპების გარშემო ოპოზიციური პარტიების გაერთიანების პროცესი მიმდინარეობს, რომლის მიზანს, მათივე თქმით, ხელისუფლების კრიმინალიზაციის აღკვეთა და ახალი პოლიტიკური თამაშის წესების დამკვიდრება წარმოადგენს. სწორედ ოპოზიციური ძალების სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების წარმატება/წარუმატებლობა და ქართული პოლიტიკური სისტემის მდგრადობა.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button