ახალი ამბები

კვლავ დაძაბულობა პანკისში

ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს კვლავ მოჰყვა რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა პანკისში რუსეთის ჯარების შეყვანის შესახებ, რასაც თბილისი კვლავ უარით ხვდება.

რუსეთის მტკიცებით ჩეჩნეთის მაღალმთიან რაიონ იტუმ-კალეში 27 ივლისს დაწყებულ შეტაკებებში ის ჩეჩენი მეომრები მონაწილეობენ, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა პანკისის ხეობიდან შეძლეს, რასაც ქართული მხარე უარყოფს. ამ ბრალდებამ ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი პანკისში გადმოტანის საფრთხე კვლავ დღის წესრიგში დააყენა თბილისში.

მართალია 29 ივლისს საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ “რუსეთის მხრიდან პროვოკაციის მზადების თაობაზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია,” მაგრამ იმავე დღეს რუსეთის ტერიტორიიდან გადმოსული საფრენი აპარატების მიერ საქართველოს დაუსახლებელი ტერიტორიების დაბომბვამ ეს შიში კიდევ უფრო გაზარდა. მეორე დღეს, 30 ივლისს დაბომბვა კვლავ განმეორდა, ამჯერად უკვე პანკისის ხეობის მიდამოები დაიბომბა.

სულ უფრო მკაცრი ხდება რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებიც. “ჩვენ დავიღალეთ ელემენტარული ტყუილების მოსმენით. პანკისში ხან არიან ბოევიკები, ხან არ არიან. ასეთ პირობებში ნაკლებ მოსალოდნელია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები დამყარდება,” განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტმა სერგეი ივანოვმა კი პირდაპირ მოითხოვა პანკისში რუსეთის სამხედრო ძალების შესვლა. “რუსი სპეცდანიშნულების რაზმების გარეშე პანკისის პრობლემა ვერ მოგვარდება. საქართველო უძლურია თავად გაუმკლავდეს ამ საკითხს,” განაცხადა 29 ივლისს ივანოვმა.

საქართველო ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების დღიდან (1999 წელი), ახერხებს თავიდან აიცილოს ჩეჩნეთის კონფლიქტის საქართველოში გადმოტანა. თუმცა მან ვერ შეძლო იმ წყაროს აღმოფხვრა, რამაც შესაძლოა ეს განაპირობოს. პანკისის ხეობაში არსებული ვითარება ამის საფრთხეს ყოველდღიურად უქმნის საქართველოს.

საქართველოს ხელისუფლება ბოლოსდაბოლოს იძულებული იყო ეღიარებინა, რომ პანკისში, სადაც 3,700-მდე ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ცხოვრობს, მართლაც იმყოფებიან შეიარაღებული მეომრები. პანკისში მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო მას კრიმინალური ანკლავიც კი შეარქვეს. იანვრიდან მოყოლებული ქართველი სამართალდამცველები ხეობაში საგანგებო ოპერაციებს ახორციელებენ. თუმცა თავად პოლიციეს კორუმპირებულობის მაღალი დონე ეჭვქვეშ აყენებს ამ ღონისძიებათა შედეგიანობას.

საქართველოს ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს, რომ ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელება პანკისის ხეობაში თავშეფარებულ მეომრებსა და კრიმინალებს დააფრთხოვს და ისინი საქართველოს ტერიტორიას დატოვებენ. საქართველოს თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს არაერთხელ განუცხადებიათ რომ ამ პროგრამის დაწყებასთან ერთად პანკისში ვითარება გაცილებით გაუმჯობესდა, რაც სამართალდამცველების ხეობის შიგნით თავისუფლად გადაადგილებაში გამოიხატება.

თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა დაადასტურა, რომ პანკისში არცთუ ისე კარგად არის ყველაფერი, როგორც ამას ქართველი ძალოვნები აცხადებენ.

მსგავსი/Related

Back to top button